ლევან იოსელიანი - დაუშვებელია, სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული თავის განცხადებებსა და ქმედებაში, დღეს, როგორც მე, ისე ჩემი აპარატი ვართ აბსოლუტურად ნეიტრალური
თუ ცდილობ, რომ იყო ნეიტრალური, არ დააკმაყოფილო პოლიტიკური პარტიების ინტერესები, ოპოზიციური იქნება, მმართველი პარტია თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფის ინტერესი, რომელიც ცდილობს, მისკენ გადაგქაჩოს და მისკენ წაიღოს შენი გადაწყვეტილების ალბათობა, რა თქმა უნდა, ის არ რჩება ამის გამო კმაყოფილი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა.
„ამ მიმართულებით მე მიმაჩნია, რომ როდესაც აქ მოვედი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგი; მაქსიმალურად შევეცადე და დღესაც ვცდილობ, ვიყო ობიექტური და ნეიტრალური ნებისმიერი ინსტიტუციის მიმართ. მათ შორის, დავუფასო ის, რასაც აკეთებენ და ვაკრიტიკო იმის გამო, რასაც არ აკეთებენ და რასაც არ იზიარებენ. ჩვენი ანგარიში, ძირითადად, არის პრობლემების ანგარიში. სახალხო დამცველი ვერ იქნება გადაწყვეტილი საკითხების ანგარიშის მომხსენებელი, ამაზე მთავრობა საუბრობს, პარტიები საუბრობენ და სხვები საუბრობენ. ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ პრობლემებზე, პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე და გზებზე, შემდეგ უკვე პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, ჩვენს ანგარიშში რასაც გაიზიარებენ. სამწუხაროდ, ჩვენი რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი დღესაც არ არის მაღალი და ამ მიმართულებით ვმუშაობ, რომ უწყებების მხრიდან ეს ურთიერთობა იყოს უფრო ეფექტური. საბოლოო ჯამში, როგორც ადამიანებში, აქაც ისეა, თუ მიხვალ და ვინმეს დედას შეაგინებ, არც ის დაგრჩება ვალში და თუ ამოცანა არის, ის პრობლემები გადაიჭრას, რაც იმ უწყებას მიემართება და საკითხს ამ კუთხით აყენებ, მაშინ მიმღებლობა, როგორც წესი, არის; ან თუ არ არის, ესეც პრობლემაა, იმიტომ, რომ მაშინ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე მიუთითებს“, – განაცხადა იოსელიანმა.
ამ განცხადებით ლევან იოსელიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია ურთიერთობა დღეს ომბუდსმენის აპარატსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, რადგან საზოგადოებას წლების განმავლობაში ახსოვდა, რომ, მაგალითად, მმართველი გუნდის მხრიდან არსებობდა ზოგ შემთხვევაში ობიექტური თუ სუბიექტური შეფასებები ომბუდსმენის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით და რამდენად მიჰყვება ომბუდსმენის აპარატს ინსტიტუციები, რომ ინფორმაცია მიაწოდონ, პრობლემების გადაჭრაზე ერთად იმუშაონ და ასე შემდეგ.
იოსელიანის თქმით, ბოლო პერიოდში ორი ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივის გაზიარებას ჰქონდა ადგილი.
„მხოლოდ ეს ორი არ არის, ვინმემ არ ჩათვალოს, რომ მხოლოდ ორია, უამრავი რეკომენდაციის გაზიარება ხდება. უბრალოდ, ისინი თავისი მნიშვნელობით არ არის იმხელა, რომ აქ ვისაუბრო. ერთი რეკომენდაცია „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ შეეხებოდა, რომელიც ნაწილობრივ გაზიარებული იქნა და მეორე საკითხი მიემართება არჩევნებს“, – განაცხადა იოსელიანმა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, დღეს არავის არ აქვს განცდა, რომ ომბუდსმენი ვინმეს მიმართ არის ჩასაფრებული ან აქვს პოლიტიკური ინტერესი, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ აქვს რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება.
„ამას მე კანონი და კონსტიტუცია მიკრძალავს. დაუშვებელია, სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული თავის განცხადებებშიც კი, არათუ ქმედებაში. საბოლოო ჯამში, ეს მაძლევს იმის თამამად თქმის საშუალებას, რომ დღეს როგორც მე ვარ, ისე ჩემი აპარატი არის აბსოლუტურად ნეიტრალური და ამავე დროს პროფესიულად ასრულებს თავის მოვალეობას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.