ლევან იოსელიანი - დანარჩენი ოპოზიცია სხვაგვარად უყურებს ამ ქვეყნის პერსპექტივას, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ - ჩვენი
ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. ჩვენ სხვაგვარად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, განმუხტვას, ისინი – სხვაგვარად, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ პარტია „მოქალაქეებს“ „კოლექტიური სასამართლო მოუწყო“.
„ოპოზიციურ ერთობას რომ გამოვეთიშეთ, მგონი, ეს თავად ნახეთ. მოაწყეს რაღაც კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც სრული სისულელეა, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, ეს ერთ რამეს ადასტურებს, რომ ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, განმუხტვას, ისინი კი სხვანაირად უყურებენ. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.
ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში იმყოფებიან, სადაც ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მართავენ.
„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ის და ლევან იოსელიანი მზად არიან, საჯაროდ შეხვდნენ „ქართულ ოცნებას“ და დაილაპარაკონ კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ამავე განცხადებაში ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ დაასრულა „ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც“.