ლევან იოსელიანი - ჭიათურაში ჩასვლას ვაპირებ, მინდა, შევხვდე აქციის მონაწილეებს და მოვისმინო მათი გასაჭირი
ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში. მინდა, შევხვდე ამ ადამიანებს და მოვისმინო მათი გასაჭირი. ვნახო, რა პრობლემები აწუხებთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღაროში მომუშავეთა შრომითი უფლებები და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული.
„ერთი, რაც მისასალმებელია, დაინიშნა სახელმწიფოს მხრიდან მედიატორი, რომელიც ამ პროცესში ჩართულია. კერძო სუბიექტებს შორისაა ეს პროცესი, თუმცა ჩვენთვის, უფლებრივი თვალსაზრისით, მათი შრომითი უფლებების პერსპექტივის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ მათი შრომითი უფლებები და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული“, – განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.