ლევან იოსელიანი - ჩემი პროფესიული სინდისი არ მაძლევს უფლებას, გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დავუჭირო
მე არ ვუჭერ ამ კანონპროექტის მიღებას მხარს, რადგან ჩემი პროფესიული სინდისი არ მაძლევს უფლებას, რომ ამას მხარი დავუჭირო, ამიტომაც უარი განვაცხადე კომისიაში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა კონსტიტუციური კანონის პროექტში ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება.
იოსელიანის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მისთვის მიუღებელია.
„ჩვენ შევქმენით საპროკურორო საბჭო, კონსტიტუციური ორგანო, რომ ამით გენერალური პროკურორის არჩევის სტანდარტი გაგვეუმჯობესებინა და რაღაც კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა, აღარ ყოფილიყო. ახლა ამ ცვლილებების მიღება იმას ადასტურებს, რომ საპროკურორო საბჭო თავის შინაარსს ვერ ამართლებს, თორემ ის რომ ამართლებდეს, ეს დღის წესრიგში საერთოდ არ დადგებოდა. ანუ, ჩვენ სისულელე უკვე გავაკეთეთ, კვაზი-დემოკრატიული ინსტიტუტი შევქმენით. ოპოზიციურმა პარტიებმა ალბათ მხარი დაუჭირეს, რადგან მაშინაც საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდა. ახლა ვაკეთებთ მეორეს. ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ იდეას, ეწინააღმდეგება თვითონ ინსტიტუციურ სიმყარეს, ოპოზიციის ინტერესებს, რადგან ჩვენ მივიღებთ ერთი წლით არჩეულ, მოწყვლად პროკურორს, რომელმაც ერთი წელი უნდა დაუთმოს ერთის მხრივ, არაფრის კეთებას და მეორეს მხრივ, ლოიალობის ძებნას მმართველ პარტიაში. ეს იქნება გაუარესება, უკან გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტის თვალსაზრისით. ამაზე ალბათ ვთანხმდებით“, – განაცხადა იოსელიანმა.
ლევან იოსელიანი მოუწოდებს კოლეგებს, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონში ცვლილებებს.
„ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან მივმართავ, რომ უარი ვთქვათ ამ კანონის მიღებაზე. ეს ყველა მიმართულებით აუარესებს ჩვენ ქვეყანაში მდგომარეობას, მათ შორის მსხვერპლის დაცვის თვალსაზრისით სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებაში, სადაც გენერალური პროკურორის როლი არის გადამწყვეტი, მათ შორის ამ ნაწილში. ვიმუშაოთ იმ სტრუქტურასთან, რომელმაც ჩაგვიდო ასოცირების დღის წესრიგში ეს ჩანაწერი, რომ ეს საკითხი იყოს გადახედილი, მით უმეტეს თქვენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასულები ხართ, არანაირი ვალდებულება არ გაგაჩნიათ, რომ ეს ცვლილებები იქნას მიღებული. რჩება მხოლოდ ის ნაწილი, რომელზეც სჯობს, რომ მივმართოთ ძალისხმევა და იქ შევცვალოთ რაღაც, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მივიღოთ. რვა წლის მანძილზე გვექნება კანონი თუ 10 წლის მანძილზე, რომელიც აბსოლუტურად პროკურატურის რეპუტაციასაც, ეფექტურობასაც და ყველაფერს დაიყვანს ნულამდე, არ შეიძლება ამის გაკეთება. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, თავი შევიკავოთ ამ ცვლილებებისგან. საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება უახლოეს ორ პარლამენტში ვეღარ მოხერხდეს და რა ვქნათ, ერთ-წლიან პროკურორს ვუყუროთ, ვის როდის თავს მოაწონებს, რომ ერთი წლით გაიხანგრძლივოს საქმე?! რაც შეეხება მთავარი პროკურორის ანგარიშს. ახლა კი გვყავს შვიდი წლით დანიშნული, მაგრამ არც ის მინახავს პარლამენტში მოსული ორი წელია აქ ვარ. ანგარიში გამოგზავნილი აქვს, მაგრამ თვითონ არ მოსულა და მგონი, უნდა მოვიდეს, პარლამენტს ჩააბაროს ანგარიში. მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა იოსელიანმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს განაცხადა, რომ გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილება არ არის საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, თუმცა კომპრომისზე მიდიან.
კონსტიტუციურ კანონის პროექტს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.