ლევან იოსელიანი - ინსტიტუციური დაპირისპირების დრო ახლა არ არის, ვინმესთვის კონსტიტუციური უფლებამოსილების გამიჯვნა თუ მნიშვნელოვანია, სჯობს, ახლა თავი შეიკავოს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ არსებულ კრიზისულ ვითარებაში ინსტიტუციური დაპირისპირების დრო არ არის.
ლევან იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება.
„ვინმესთვის თუ მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებამოსილების გამიჯვნა, სჯობს, ახლა თავი შეიკავოს, შემდეგ გავარკვიოთ, პრეზიდენტს რისი უფლება ჰქონდა და რისი – არა. ფაქტია, რომ პრეზიდენტი საზღვარგარეთ თავის პირად საქმეზე არ წასულა, წავიდა ქვეყნის ევროინტეგრაციაზე სასაუბროდ და ევროპელ ლიდერებს საქართველოს ინტერესებზე ესაუბრებოდა, რასაც კონსტიტუცია ავალდებულებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება ელჩების არდანიშვნის საკითხს, იოსელიანის თქმით, პრეზიდენტის დისკრეციაა და აქვს უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტული ელჩის დანიშვნა-არდანიშვნაზე.
„ახლა ეს ინსტიტუციური დავა ქვეყანას არ სჭირდება და ნამდვილად არ წარმოაჩენს ღირსეულად. იმის ნაცვლად, რომ გამოწვევების მიმართ კონსოლიდაციას ვახდენდეთ, ჩვენ უფრო ღრმა პოლარიზაციაში მივდივართ და ახლა ყველაფერი ინსტიტუციურ დაპირისპირებაში გადავზარდეთ, გეგონება, პარტიული დაპირისპირება არ გვყოფნის. მგონი, პრეზიდენტის მოხსენება „ქართული ოცნებისთვის“ იმდენად ცივი შხაპი აღმოჩნდა, რომ მათ ასეთი პასუხის გაცემა გადაწყვიტეს“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ 15 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს მისი გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.