ლევან იოსელიანი - არსებობს შეთანხმების რესურსი, რომ მხარი დავუჭიროთ საარჩევნო კოდექსს და შევიმუშაოთ ერთობლივი დოკუმენტი ამნისტიაზეც
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის შეფასებით, არსებობს შეთანხმების რესურსი ამნისტიის მიმართულებითაც, რომ ერთობლივი დოკუმენტი შემუშავდეს.
„არსებობს იმის რესურსი, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ და მოვახერხოთ, რომ როგორც საარჩევნო კოდექსს დავუჭერთ მხარს, ისე მოხდეს ამნისტიაზეც, ერთობლივი დოკუმენტი შევიმუშაოთ. სწორედ იურიდიული დეტალებია მნიშვნელოვანი და მასზეა დამოკიდებული, როგორი სახით ჩამოყალიბდება ამნისტია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო.
გადაწყვეტილება იმ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ინიციატივით გაიმართა და მას ოპოზიცია დაესწრო. მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა 27 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც, კანონპროექტი სხდომაზე გავა.