ლევან იოსელიანი - არ მინდა, სააკაშვილის მიმართ ისეთი ქმედება განხორციელდეს, რომელმაც შეიძლება, მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს
არ მინდა, სააკაშვილის მიმართ ისეთი ქმედება განხორციელდეს, რომელმაც შეიძლება, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არ იცის, „ვივამედის“ განცხადება გულისხმობს თუ არა სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას.
„ჩვენ ამაზე თავის დროზე გვაქვს ნამსჯელი, სახალხო დამცველს აქვს ნამსჯელი და პოზიცია გამოქვეყნებული, რომ მისი ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, ამ აზრზე არიან კონსილიუმის წევრებიც. მე ვიზიარებ, რა პოზიციაც ჰქონდა სახალხო დამცველს დაფიქსირებული მიშასთან მიმართებით. არ მინდა, მის მიმართ ისეთი ქმედება განხორციელდეს, რომელმაც შეიძლება, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ვივამედმა“ პენიტენციურ დაწესებულებას მიმართა, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, კლინიკის განმარტებით, ის მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.