ლევან იოსელიანი - არ გამოვრიცხავ, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაგრძელდეს
არ გამოვრიცხავ, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაგრძელდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი შესაძლოა პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ ჩაინიშნოს.
ამასთან, იოსელიანმა განაცხადა, რომ მხოლოდ პარტია „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლა არ განიხილება, რადგან თუ სხვა ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან, ორი კაცის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აზრი არ ექნება.
„ჯერ ჩვენთვის არ არის ცნობილი, როდის ჩატარდება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი. ის ვიცი, რომ ნამდვილად უნდა შედგეს. ყველა მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. მთავარია, რაუნდი რაუნდისთვის კი არ იყოს, რეალურად მივაღწიოთ შეთანხმებას. მოლაპარაკების მაგიდასთან უბრალოდ მისვლა, თუ რაღაცას არ ემსახურება ეს, შედეგს ვერ გამოიღებს.
ჩვენი პარტიის პარლამენტში შესვლა არ განიხილება, პარლამენტში შევა ოპოზიცია შეთანხმების შედეგად. ასე ცალკე აღებული მე და ალეკო პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, რადგან აზრი არ ექნება ამას. ორი კაცის იქ ყოფნა აზრს მოკლებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება. ამ პოზიციის გამო გვაწერენ ათას სიბინძურეს და მოსყიდულებს გვიწოდებენ, რადგან ვამბობთ, რომ შეთანხმება საუკეთესო გამოსავალია. ელჩებსაც თავდასხმებს უწყობენ, რადგან მათაც მიაჩნიათ, რომ შეთანხმება საუკეთესო გამოსავალია.
არ გამოვრიცხავ, მეხუთე რაუნდამდე ინდივიდუალური მოლაპარაკებები გაგრძელდეს. გუშინ „ლელოსთან“ ჰქონდათ შეხვედრა. შესაძლოა, სხვა პარტიებსაც შეხვდნენ და ალბათ, ამ ინდივიდუალური მოლაპარაკებების შემდეგ დაინიშნება მეხუთე რაუნდი“, – განაცხადა იოსელიანმა.