ლევან იოსელიანი - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების პრობლემები უნდა მოგვარდეს, პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლებას აქვთ
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების პრობლემები უნდა მოგვარდეს და პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლებას აკისრიათ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ლევან იოსელიანმა იმედი გამოთქვა, რომ, სახალხო დამცველის აპარატის მედიაციით, ხელისუფლებასა და მშობლებს შორის შეთანხმება შედგება.
„პირველივე დღიდან, როდესაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გაჟღერდა, სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო ამ პრობლემის მოგვარებაში და მას მერე ვახდენთ მედიაციას ბავშვების მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. დღესაც ჩვენი მედიაციით იმართება ეს შეხვედრა. ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გაუკეთებს იმ შეთავაზებას მშობლებს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და, სულ მცირე, ის პროტესტის ფორმა, რაც მათ აქვთ შერჩეული, ამ ეტაპზე შეჩერებული იქნება, რადგან ადამიანურად ძალიან განვიცდი. ყველა ჩვენგანი ადევნებს თვალს, რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს და პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლებას აქვთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.