ლევან იოსელიანი - ამ ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს აღარ დავუშვებთ
ლევან იოსელიანი - ამ ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს აღარ დავუშვებთ

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეთანხმების მიღწევას ხელი შეუშალონ.

მისივე თქმით, გიგა ბოკერიას პოზიცია ყოველთვის არის მიმართული იქითკენ, რომ მოლაპარაკება არ შედგეს. ლევან იოსელიანის განმარტებით, ეწინააღმდეგება იმას, რომ ვინაიდან ბოკერიამ და უგულავამ ვერ მიიღეს მანდატები, ამას გადაყვეს საქართველოში სიმშვიდის და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივა.

„ეს არის ის ხალხი, ვინც ცდილობს, დააზიანოს შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ახლა გვაქვს ამოცანა, რომ ეს შეთანხმება გადავარჩინოთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ბოკერიას პოზიცია ყოველთვის არის მიმართული იქითკენ, რომ მოლაპარაკება არ შედგეს, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, დაწყებული სიტყვით, დამთავრებული ქმედებით. არწმუნებს ადამიანებს, რომ ამ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

ბაქრაძე შიგნით რას აკეთებს, იმას უბრალოდ არ მოვყვები, როცა დასრულდება ეს ყველაფერი, ამას მერე ვიტყვით. თუ ვინმეს უნდა ამ პროცესის დაზიანება და ჩიხში შეყვანა, ეს არის ერთი ხელმოცარული პარტია თავისი ხელმოცარული პოლიტიკოსებით. ბოკერიამ და უგულავამ რომ ვერ მიიღეს მანდატები, ამას უნდა გადაყვეს საქართველოში სიმშვიდის და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივა. ჩვენს გარდა, სხვებიც არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგი, იმიტომაც ვეუბნებით სხვებს, გამოდით და თქვენც ილაპარაკეთ, ნუ ხართ სხვებს აყოლილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის განმარტებით, რადგან „ევროპული საქართველო“ არჩევნებზე ხელმოცარული დარჩა, ახლა ცდილობს, ამ პროცესიდან რაღაც დივიდენდი გამოიტანოს.

„რაც უკავშირდება მოლაპარაკებას, ყველაფერზე წინააღმდეგობა აქვთ. ხელმოცარულები რომ დარჩნენ არჩევნებზე, ახლა ცდილობენ, ამ პროცესიდან რაღაც დივიდენდი გამოიტანონ. მთავარია, რა გინდა, გინდა ქვეყანაში სიტუაცია განმუხტო, თუ გინდა, რომ გაზაფხულზე დაელოდო გაბრაზებულ ხალხს ქუჩაში და მერე ამ პროცესის სათავეში დადგე. მე მეორე სცენარი არ მინდა და ამის წინააღმდეგი ვარ. ამას ადასტურებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. ვისაც ეს უნდა, იმის მოწინააღმდეგე ვიქნებით ბოლომდე, რადგან აღარ დავუშვებთ ამ ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.