ლევან იოსელიანი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ღამეს ათევენ
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ღამეს ათევენ. სახალხო დამცველს შეხვედრის თხოვნით თავად აქციის მონაწილეებმა მიმართეს.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამბობდნენ, რომ არ ეძლეოდათ პოლიეთილენის პარკებით იმ ადგილის გადახურვის საშუალება, სადაც ღამეს ათენებენ და სწორედ ამ საკითხის გადასაჭრელად მიმართეს სახალხო დამცველს.
„კარგია, რომ პოლიციამ მათ მისცა საშუალება, გამოიყენონ პოლიეთილენის პარკი და ამაღამ წვიმის, ქარის შემთხვევაში შეაფარონ თავი. უფრო მნიშვნელოვანია, მთავრობამ გააგრძელოს მათთან კომუნიკაცია და ეს ამბავი იმდაგვარად დასრულდეს, რომ მშობლებიც კმაყოფილი იყვნენ და ბავშვების ინტერესებიც გათვალისწინებული იყოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იოსელინის შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ მშობლებთან მოლაპარაკებას მიაღწიოს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისასალმებელი და კარგია გადაწყვეტილება, რომ გამოიყენონ საშუალებები, რითიც დაიცავენ თავს წვიმისა და ქარისგან. როგორც განაცხადეს, მათ უფლება აქვთ, მოაწყონ ე.წ. თავშესაფარი პოლიეთილენის ქვეშ იმდაგვარად, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ. იმედია, ეს ხვალაც და ზეგაც ასე იქნება, მაგრამ უფრო იმედს გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ დასჭირდებათ დედებს ამის კეთება, მიღწეული იქნება შეთანხმება და დაასრულებენ პროტესტს, ეს ადამიანები კმაყოფილი იქნებიან იმ შედეგით, რაც იქნება მიღწეული მთავრობასთაბ შეხვედრის შემთხვევაში. მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, გადადგან ნაბიჯი, შეხვდნენ მშობლებს, დაელაპარაკონ, მათი მოთხოვნები არ არის ციდან მოტანილი, მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები, ამ არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და შეთანხმებამდე მისვლა“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ხვალ, პირველი საათისთვის დაანონსეს მორიგი აქცია.
მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის შემოტანა/დაფინანსება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. ასევე, პრემიერის მიერ იმ განკარგულების გამოცემა, სადაც მედიკამენტის შემოტანის თარიღები ზუსტად იქნება გაწერილი.