ლევან გოგიჩაიშვილმა მერაბ გაბინაშვილს მიმართა კითხვით, როგორია მის წარმოსახვაში ბიძინა ივანიშვილი, ამბობს თუ არა ყოველთვის სიმართლეს
ვინ არის მართალი, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი, რომლიც ამბობდა, რომ სასამართლო არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი თუ მერაბ გაბინაშვილი, რომელიც აქ გვეუბნება, რომ სასამართლო არ ყოფილა პოლიტიკური სისტემის ნაწილი, – ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლების კანდიდატს ჰკითხა, იცნობს თუ არა ბიძინა ივანიშვილს პიროვნულად.
„იცნობთ თუ არა ბიძინა ივანიშვილს პიროვნულად, როგორც ადამიანს. გაგიგიათ თუ არა ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომ ასეთი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში? თქვენ წარმოსახვაში როგორია ის, სიმართლეს ლაპარაკობს, თუ ხანდახან შეუძლია ისეთ რამე თქვას, რომელიც არ შეეფერებოდეს სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს იყო იმ გუნდის ლიდერი, რომელმაც მიხეილ სააკაშილი, როგორც ოპონენტი დაამარცხა არჩევნებში და „ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა ასეთი ტექსტი, რომელიც არის მანიფესტი და ის ხსნის, რატომ შემოდის პოლიტიკაში. პირველი აბზაცი იწყება ასე – საგადასახადოს, პროკურატურისა და სასამართლოს გამოყენებით ქართულ ბიზნესზე ისეთი გაუგონარი ძალადობა განხორციელდა, რომ საქართველოში პრაქტიკულად თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობს. მას სააკაშვილის ჯგუფი შესაბამისი ფინანსური შემოსავლებით მთლიანად აკონტროლებს, ნორმად გახდა დემონსტრაციების აგრესიული დარბევა, მონაწილეების დარბევა, ცემა და დევნა და ა.შ. ვსვამ კითხვას, ვინ არის მართალი 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი, რომლიც ამბობს, რომ სასამართლო არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი თუ მერაბ გაბინაშვილი, რომელიც აქ გვეუბნება, რომ სასამართლო არ ყოფილა პოლიტიკური სისტემის ნაწილი. თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ატყუებს ქართულ საზოგადოებას თუ მერაბ გაბინაშვილი“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა მერაბ გაბინაშვილს.
მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ შეფასებას არც ერთი პოლიტიკური პირის საჯარო განცხადებაზე არ გააკეთებს.
„არ ვთვლი საჭიროდ ადამიანს გავუკეთო საჯარო შეფასება და პოლიტიკურ შეფასებაში არ შევალ“, – განაცხადა გაბინაშვილმა.