ლევან გოგიჩაიშვილი - სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლის უვადოდ გამწესება საზოგადოების უპატივცემულობაა  
ლევან გოგიჩაიშვილი - სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლის უვადოდ გამწესება საზოგადოების უპატივცემულობაა  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესება, რომელთა მიმართ შეკითხვები არსებობს, უპირველეს ყოვლისა, თავად სასამართლო ხელისუფლებას აყენებს ჩრდილს.

როგორც დეპუტატმა პირველ არხს განუცხადა, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არიან პირები, რომელთა რეპუტაციაც ეჭვებს ბადებს.

“როდესაც საკითხი ეხება მოსამართლეების უვადოდ არჩევის პრინციპს და წესს, უნდა ავირჩიოთ კვალიფიციური მოსამართლეები. ზნეობა, წესიერება და პატიოსნება ერთ-ერთი მთავრი კრიტერიუმებია. მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ვფიქრობ, ასეთი მოსამართლეების არჩევა პირველ რიგში, ჩრდილს აყენებს იმ ადამიანებს, იმ სისტემას, რასაც სასამართლო ხელისუფლება ჰქვია. პირადად ჩემთვის,  ყოვლად მიუღებელია იმ პირების უვადოდ გამწესება, რომლებიც ემსახურებოდნენ რეჟიმს და აკეთებდნენ ყველაფერს, იმისთვის, რომ ადამიანები გაეუბედურებინათ და ეამებინათ რეჟიმისთვის. ამიტომ, ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სერიოზული პრობლემაა“, –  განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილი უვადოდ გამწესებულთაგან ორ მოსამართლეს ასახელებს, რომელთა მიმართაც, მისივე თქმით, შეკითხვები არსებობს. მათგან ერთი სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეა.

“სულხან მოლაშვილის მოსამართლის უვადოდ გამწესება არამარტო შეცდომა, არამედ ზიანი და საზოგადოების უპატივცემულობაა. ასევე, მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი ადმინისიტრაციულში იყო, ილონა თოდუა. რაც კი, გაფუჭებულია ადმინისტრაციულში, რეპრესიების კუთხით, ერთ-ერთი მონაწილე იყო ეს ქალბატონი.  ამიტომ, ამ ადამიანების სასამართლო სისტემაში უვადოდ მოხვედრა  პრობლემაა“,  –  განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვებს პასუხი უნდა გასცენ. დეპუტატი იმედოვნებს, რომ  მომავალში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება და გამოუსწორებელი შეცდომების დაშვება გამოირიცხება.

„იმედი მაქვს, იუსტიციის საბჭოს წევრები შემდგომი განხილვების დროს პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდიან. ჩვენ გვჭირდება ყველა კონკურსანტის სახელის და გვარის ცოდნა, რადგან ეს ადამიანები უვადოდ უნდა დაინიშნონ და საზოგადოებამ მათი ვინაობა უნდა იცოდეს. ჩვენ გვჭირდება მორალურად, ზნეობრივად და კვალიფიციურად მდგრადი მოსამართლეები და არა ისინი, რომლებიც ქვეყანაში ბოროტების ჩამდენ წინა რეჟიმს ემსახურებოდნენ“, – განუცხადა გოგიჩაიშვილმა პირველ არხს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ექვს კანდიდატს კი, მხარი არ დაუჭირა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მმართველ გუნდში მძიმეა რეაქციაა სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.