ლევან გოგიჩაიშვილი - სახელმწიფო ინტერესების გარშემო ყველა ერთიანდება, მაგრამ ჩვენ არ ვერთიანდებით მექრთამე მოსამართლეების არჩევანის დროს
ლევან გოგიჩაიშვილი - სახელმწიფო ინტერესების გარშემო ყველა ერთიანდება, მაგრამ ჩვენ არ ვერთიანდებით მექრთამე მოსამართლეების არჩევანის დროს

უნდა დავფიქრდეთ, რის ირგვლივ გავერთიანდეთ, ჩინჩალაძის, მექრთამე პოლიტიკოსების რეაბილიტაციის, თუ ადეიშვილების პროკურორობის გარშემო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, თუ ჩინჩალაძის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, იქ მის ადგილს ვერ ხედავს.

„სახელმწიფო ინტერესების გარშემო ყველა ერთიანდება, მაგრამ ჩვენ არ ვერთიანდებით მექრთამე, ცუდი წარსული მქონე მოსამართლეების არჩევანის დროს. ასევე არ ვერთიანდებით, მექრთამე პოლიტიკოსების რეაბილიტაციის დროს. როცა ასეთი შინაარსის წერილების წერა ხდება, უნდა დავფიქრდეთ, რის ირგვლივ გავერთიანდეთ, ჩინჩალაძის, მექრთამე პოლიტიკოსების რეაბილიტაციის, თუ ადეიშვილების პროკურორობის გარშემო. ვთქვათ, გავერთიანდეთ, რის ირგვლივ – ჩინჩალაძის მხარდასაჭერად მე ვერ გავერთიანდები. ალბათ, წერილის გათვლა გარკვეულ სეგმენტზეა, მაგრამ ეს ჩემზე ვერ მოქმედებს. გაერთიანებული ვიყავი, მაგრამ ჩინჩალაძე შემომთავაზეს, რომელმაც ჩვენ გაგვყარა. თუ ჩინჩალაძის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოგვიწოდებს, იქ ჩემს ადგილს ვერ ვხედავ და ვერც დავინახავ. შეიძლება, ადამიანებმა პირადი წარსული დაივიწყონ, მაგრამ როცა სახელმწიფო დამნაშავის დავიწყებას მთხოვენ, უფლება არ მაქვს, დავივიწყო ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, თანამდებობებზე ერთ წელში გამდიდრდნენ და ჩინჩალაძე დააბრუნონ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა. წერილში სხვა საკითხებთან ერთად ბიძინა ივანიშვილი საუბრობს გაერთიანების აუცილებლობაზე, კერძოდ აღნიშნავს, რომ „ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ, უნდა დასრულდეს ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება“.