ლევან გოგიჩაიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ ჩააგდებენ, ეს იქნება მიზანმიმართული პროვოკაცია საზოგადოების წინააღმდეგ
საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ ჩააგდებენ, ეს იქნება მიზანმიმართული პროვოკაცია საზოგადოების წინააღმდეგ, მათ არავინ ექაჩებიდათ ეს ვალდებულება აეღოთ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
„მოთხოვნები იყო, მაგრამ ეს მოთხოვნა დღის წესრიგში იდო და ძვრა არ ჰქონდა, ვიდრე ირაკლი კობახიძის სიბრიყვის გამო, სამარცხვინოდ არ ვიხილეთ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. გავრილოვი ალბათ ყველაზე უფრო რადიკალურია იმ აგრესიაში და სიძულვილში, რომელსაც ის გამოხატავს საქართველოს მიმართ. არსებობს საერთაშორისო ურთიერთობა, სადაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოზიცია და რაღაც რეალობას ვერ გავექცევით. ეს არ ნიშნავს, რომ გავრილოვი ჩავსვათ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ეს რომ ასე მოხდა ესეც ირაკლი კობახიძის ბრალია. თუ რამე პრეტენზია აქვს დიმიტრი ხუნდაძეს, პრეტენზია ირაკლი კობახიძეს უთხრას, მისი სიბრიყვის გამო არის დღეს, რომ ამ მდგომარეობაშია „ქართული ოცნების“ ნაწილი. ეს მათი თავისტკივილი და პრობლემაა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ეს საკითხი ჩავარდება, გამოდის რომ ბიძინა ივანიშვილმა იცრუა, ეს არც პირველი და არც უკანასკნელი სიცრუე იქნება მისი მხრიდან.
„თუ ასე გააკეთებენ, ეს იქნება პროვოკაცია, იქნება დიდი არეულობისა და ქაოსის საფუძველი ამ ქვეყანაში. ამით შესაძლებელია ძალიან რადიკალურმა ჯგუფებმა ისარგებლონ და ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკური რეალობა შექმნან. მაჟორიტარები, რომლებიც აჯანყებულები არიან ამ სისტემის წინააღმდეგ, უპასუხისმგებლობები არიან ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. როცა რისკი დაინახეს, რომ შესაძლებელია, ისინი ვერ აღმოჩნდნენ 2020 წლის სიაში, საკუთარი თავიდან გამომდინარე აჯანყდნენ. შეიძლება სპექტაკლი დადგეს, ეჩვენებინათ რომ განსხვავებული აზრი გვაქვს და დემოკრატიული პრინციპებია. არანაირი დემოკრატია არ არსებობს, პარტიის შიგნით ჩვეულებრივი დიქტატურაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის, ის გაკეთდება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.