ლევან გოგიჩაიშვილი - როცა გია ვოლსკის მოსახლეობასთან შეხვედრა იქნება, პირადად მივალ და მოქალაქეებს ავუხსნი, რომ ის ჩინჩალაძის მეგობარია, ვნახავთ, რამდენ ხმას წამოიღებს
როცა დიდუბე-ჩუღურეთში გიორგი ვოლსკის მოსახლეობასთან შეხვედრა იქნება, პირადად მივალ და მოქალაქეებს ავუხსნი, რომ ის ჩინჩალაძის მეგობარია. ვნახავთ, რამდენ ხმას წამოიღებს ვოლსკი ამ ოლქიდან, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა 60 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობიდანაა“ პორტირებული, დანარჩენი 40 პროცენტი კი მოსამართლე ლევან მურუსიძის მხარდამჭერია.
„ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელზეც საუბარი არ მიყვარს, რადგან ჩემთვის არის აკო მინაშვილი. როგორც მასზე არ გავაკეთებ კომენტარს, ისე კობახიძეზე. ღმერთმა მოახმაროს „ქართულ ოცნებას“ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, თუ „ქართული ოცნება“ დებატებზე არ დაჯდება, სადაც მათი შეხვედრა იქნება, პირადად ვაპირებ მისვლას. ვინც პირველი ოქტომბრის ერთგული ამომრჩეველია დღემდე, მათ დავანახებ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატების 60 პროცენტი არის „ნაციონალურო მოძრაობის” ყოფილი წევრი და იქიდან პორტირებული. დანარჩენი 40 პროცენტი არის მურუსიძის მხარდამჭერები, კორუმპირებული სქემის შემქმნელები და თვალის დამხუჭავები. ამ ადამიანებმა პარლამენტში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტები ჩააგდეს. ეს ადამიანები მწვანე ღილაკზე თითის მიმჭერები არიან. ირაკლი კობახიძე და „ქართული იცნება“ არჩევნებზე იმას მიიღებენ, რაც დათესეს.
ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება ეთიკური, აქტიური და ვეცდებით, ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ხმა ამომრჩევლამდე მივიტანოთ. როცა დიდუბე-ჩუღურეთში გიორგი ვოლსკის შეხვედრა იქნება, პირადად მივალ და მოქალაქეებს ავუხსნი, რომ ის ჩინჩალაძის მეგობარია. რამდენ ხმას წამოიღებს ვოლსკი დიდუბე-ჩუღურეთიდან, ამას ვნახავთ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.