ლევან გოგიჩაიშვილი მიესალმება საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას, უარი თქვას აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას მიესალმება, რომლის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს პირველი არხი საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.
„რამდენჯერმე მე თხოვნითაც მივმართე საზოგადოებრივ მაუწყებელს. ლოგიკურიც იყო, 62 მილიონი ბიუჯეტის პირობებში არ არის საჭირო სიკვდილის ინდუსტრიის რეკლამის გაკეთება. მაუწყებელი უფრო სხვა სტანდარტის დამამკვიდრებელია ამ ქვეყანაში. ძალიან გამიხარდა ეს გადაწყვეტილება. კარგია, თუ ამ მაგალითს მიჰყვებიან სხვა მედიასაშუალებებიც. ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას, რათა სიკვდილის ინდუსტრია შემცირდეს საქართველოში. ეს არის რეგულაციების მიმართულება, რეკლამის აკრძალვის მიმართულება და სხვა საკითხები“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიაშვილმა.
გოგიჩაიშვილი იმედოვნებს, რომ ამ საკითხში მას მხარს დაუჭერენ სხვა დეპუტატებიც და მოხდება შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცება.
საქართველოს პირველი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. პირველი არხი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.