ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი და ბიძინა გეგიძე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს შეხვდებიან
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი და ბიძინა გეგიძე დღეს საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან, ნაზი ჯანეზაშვილთან და ანა დოლიძესთან შეხვედრას გამართავენ.
მთავარი საკითხი, რომლითაც დეპუტატები დაინტერესდებიან, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებია. როგოც ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, დეპუტატებს აქვთ ინფორმაცია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები დარღვევებით მიმდინარეობს და სურთ, საბჭოს არამოსამართლე წევრებთან დეტალები დააზუსტონ.
„იქიდან გამომდინარე, რომ არც „ქართული ოცნება“ და არც იუსტიციის საბჭო არ ცდილობდა ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოების ინფორმირება მოეხდინა, ვიცით, რომ ძალიან ცუდად წარიმართა პროცესი. ძალიან ბევრი დარღვევების ფონზე. კლანი და ამ შემთხვევაში უკვე პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილი ცდილობენ, რომ გაიყვანონ საკუთარი სასურველი კანდიდატები, შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ იწყება გასაუბრება შემდგომ კვირაში ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ვთხოვეთ ქალბატონ ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს, რომ მობრძანდნენ და საზოგადოების ინფორმირება მოახდინონ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები დარღვევებით მიმდინარეობს. ნაზი ჯანეზაშვილი პროცესის შეწყვეტას ითხოვს.
„ინფორმაციას გავაცნობთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემებია დღეისათვის მოსამართლეების შერჩევის პროცესში. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეწყდეს ეს პროცესი. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ არის ძალიან სერიოზული დარღვევები. სამწუხაროდ, ამ კლანმა, რომელიც დღეისათვის სასამართლო სისტემას მართავს და რომელსაც, ცხადია, სურვილი აქვს, თავისი ხალხი შეიყვანოს უზენაეს სასამართლოში, დაუშვა სერიოზული შეცდომები და დაარღვია კანონები, ამიტომ ვფიქრობ, ეს დარღვევები არის გასათვალისწინებელი ფაქტორი. ვფიქრობ, სამართლიანად ვეღარ წარიმართება“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.