ლევან გოგიჩაიშვილი - ირაკლი კობახიძე და ეს ადამიანები რომ არ არსებობდნენ, უნდა მოიგონო, ხან ღილაკები ერევათ, ხან შეტყობინებები
ლევან გოგიჩაიშვილი - ირაკლი კობახიძე და ეს ადამიანები რომ არ არსებობდნენ, უნდა მოიგონო, ხან ღილაკები ერევათ, ხან შეტყობინებები

ირაკლი კობახიძე და ეს ადამიანები რომ არ არსებობდნენ, უნდა მოიგონო და მოიფიქრო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, რომელიც ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, თუ უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით ვინმეს უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ, ცდებიან.

„რაც უფრო მეტჯერ გამოვლენ და ილაპარაკებენ, უკეთესია, რადგან ბევრ ადამიანს მათი პოლიტიკური ყოველდღიურობა შეიძლება, აწყობდეს. ყოველდღე შეიძლება, ადამიანი სკანდალში ეხვეოდეს? ხან ღილაკები ერევათ, ხან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ეს ყველაფერი ძალიან კომიკური და სასაცილოა. ჩვენი ამოცანაა, „ქართულ ოცნებას“ ინსტიტუტების ჩამოშლისა და „ნაციონალების“ რეაბილიტაციის საშუალება არ მივცეთ. ჩემთვის მორალური ზღვარი წაშლილია, რადგან ითვლება, რომ ზურაბ ადეიშვილი საუკეთესო მენეჯერია და ამბობენ, რომ ჩინჩალაძეს სასამართლო ჩააბარონ. ადრეც ასეთი მეთოდები იყო და კარგია, რომ მოქალაქეებს არ ამადლიან, რაღაც სასწაულებს არ უკეთებენ. ალბათ, ცოტა ხანში იტყვიან, რას გვერჩით, ხომ არ გაწამებთო. შეიძლება, ცოტა ხანში რომელიმე მათგანმა თქვას, მადლობა თქვით, რომ არ გაწამებთო. იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რესტავრაცია არ მოხდეს, ყველა ზომასა და ფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნას“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ ვისაც გზავნილი შეეშალა, „მოხვდებოდა“.

„ჩემგან და თქვენგან არ მოხვდებოდა, ვისგანაც წამოვიდა, მისგან. ისეთი ადამიანები ამბობენ, საპარლამენტო სიაში ბესელიას ჩასმას არ აპირებდნენო, ზოგიერთი მათგანის აღქმა, როგორც პოლიტიკოსების, იმდენად შორს იყო, რომ პარლამენტის წევრი საერთოდ ვერ გახდებოდა, საკონსტიტუციოს წევრად დეპუტატი რომ არ გადასულიყო. მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში რომ არ გადასულიყო, ანრი ოხანაშვილი დეპუტატი ვერ გახდებოდა. წარსულში გვინახავს, ოდიოზური პირები ჰყავდათ, ახლაც, თუმცა ეს მათი არჩევანია, მაგრამ ამით პოლიტიკურ დივიდენდს ვერ შეაგროვებენ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.