ლევან გოგიჩაიშვილი „დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილის შეკრებაზე მისვლას აპირებს
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი „დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილის შეკრებაზე მისვლას აპირებს.
როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ იმ სიტყვებით დატოვა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა, დაპირისპირება დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან და გადასულია ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.
„ქართული ოცნების“ მხრიდან დაპირისპირებამ ზნეობრივი ზღვარი დაკარგა, მორალური ზღვარი წაშლილია, რადგან თავისუფალ სასამართლოსთან მიმართებაში ერთნაირი გემოვნება აღმოაჩნდათ, მათი გემოვნება ერთია. სამართლიანი სახელმწიფოსთვის მთავარია ის, რამდენად თავისუფალი იქნება სასამართლო და ვინ იქნებიან ის ინდივიდები, ვინც სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც თავისუფლებისა და სამართლიანობის იდეა მნიშვნელოვანია, მოვუწოდებ, 13 აპრილის შეკრებაზე მივიდეს. დავით მაღრაძის მიზანი პარტიულობა არ არის, არ ვფიქრობ, რომ ის პარტიული იქნება“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
პოეტმა დავით მაღრაძემ დღეს განაცხადა, რომ 13 აპრილს 14:00 საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრება გაიმართება.