ლევან გოგიჩაიშვილი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელახლა დაარეგისტრირებს
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელახლა დაარეგისტრირებს.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც მსგავსი თამაშების რეკლამირების აკრძალვას ითვალისწინებს, „ქართულმა ოცნებამ” 9 თვის წინ ჩააგდო. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მსგავსი თამაშების რეკლამირება ყველა ფორმით უნდა იკრძალებოდეს.
„თამაში არ იწვევს ადამიანის პირობების გაუმჯობესებას. თამაშის გამო ამ ქვეყანაში ადამიანები თავის ცხოვრებას კარგავენ, კარგავენ ქონებას. სამწუხაროდ, არის სუიციდის შემთხვევები. ამიტომ სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ თამაში არის ცუდი და მიიტანოს დარტყმა ტრენდზე“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, რეკლამირება უნდა აიკრძალოს ინტერნეტში, ბილბორდებზე, ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
“აღნიშნული რეკლამები კანონის მიხედვით იკრძალება სატელევიზიო და ელექტრონულ ფორმატში. უნდა აიკრძალოს ინტერნეტში, ბილბორდებზე, ტაქსებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში”,- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ აზარტული თამაშების სეგმენტის გაზრდამ პრობლემები რამდენიმე მიმართულებით შექმნა, მათ შორის ვერ ხდება არასრულწლოვანთა დაცვა მსგავს თამაშებში ჩართულობისგან.
“მეორე საფრთხე, რაც ამ ბიზნესმა ქვეყანაში შექმნა, არის ფულის გათეთრების რისკი და უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები. დღევანდელი სისტემა იძლევა საშუალებას ადამიანმა ამ კომპანიების სერვისის გამოყენებით შეძლოს ძალიან ბევრი ფულის გათეთრება”,- აცხადებს გოგიჩაიშვილი.
მისივე ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, მოთამაშეთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.