ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 29 კოვიდინფიცირებული რჩება. ლევან გოფოძის თქმით, მათთან მოთავსებული პაციენტებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ლევან გოფოძის ინფორმაციით, აღნიშნული 75 წელს გადაცილებული მამაკაცი კორონავირუსისგან განიკურნა, თუმცა აქვს თანმხლები დაავადებები, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო და ბოქსირებულ განყოფილებაში ჯამში 63 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კლინიკას დღეს დატოვებს.
„ჩვენთან არის ამჟამად 63 პაციენტი, აქედან 29 პაციენტი გვყავს კოვიდინფიცირებული. დღეს ორი პაციენტი დაგვტოვებს და 29 დარჩება. ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება, თუმცა ინფექციისგან, კოვიდისგან ეს პაციენტი განიკურნა, ნეგატიური ტესტი მოუვიდა, მაგრამ აქვს უმძიმესი დისტრეს სინდრომი და ინსულტის ნიშნებია თავის ტვინში, ყველაფერი ეს განაპირობებს მის ასეთ სიმძიმეს. მიმდინარეობს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, კოვიდინფიცირებულების ვინც გვყავს დამაკმაყოფილებელია. ცხელების ცენტრში მუდმივად მოძრაობენ პაციენტები და მოგეხსენებათ, საერთო ჯამში 63 პაციენტი გვყავს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.