ლევან გოფოძის განცხადებით, დღეს ჟურნალისტების სწრაფი ტესტირება იწყება
ლევან გოფოძის განცხადებით, დღეს ჟურნალისტების სწრაფი ტესტირება იწყება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მოხუცთა თავშესაფრებისა და შშმ პირთა პანსიონატების გარდა, არსებობს სხვა მიზნობრივი ჯგუფებიც, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ.

მისი თქმით, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ლევან გოფოძე ამბობს, რომ სწრაფი ტესტის მეშვეობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტების ტესტირება დღეიდან იწყება.

რესპუბლიკური საავადმყოფო საკუთარი ინიციატივით იმ ჟურნალისტებს ჩაუტარებს ტესტს, ვინც დღეს კლინიკაში გადაღებაზე იმყოფებოდა.

„გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჩვენ ჟურნალისტების გატესტვა დავიწყეთმეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ თქვენ შებრძანდით და ტესტი გაიკეთეთ. რადგან ასე არ იყო, მაშინ დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას“,-  მიმართა გოფოძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, თავდაპირველად ჩატარდება სწრაფი ტესტირება, მაგრამ ყველა საეჭვო შემთხვევაში მოხდება გადასვლა „პისიარ“ ტესტებზე.

„რა თქმა უნდა, ასეთი მიზნობრივი ჯგუფები განისაზღვრება და მათ ტესტირება ჩაუტარდებათ, მათ შორის ვთქვათ მოხუცთა სახლებში ვინც ცხოვრობს, დღეს იმ მოხუცების მიზნობრივი ტესტირება დაიწყება, რაც ასევე სწორ და კარგ ნაბიჯად მიმაჩნია. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით, ინფექციის გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.