ლევან გოფოძე - საჭიროა მუშაობა, რათა მოსახლეობას განვუმარტოთ, დაავადების სამართავად ჰოსპიტალში ყოფნა აუცილებელი არ არის, შესაძლებელია, იყო ბინაზე ან კოვიდსასტუმროში, რაც საშიშროებას არ წარმოადგენს
საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს ზეწოლა. ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კარგად განვუმარტოთ, რომ აუცილებელი არ არის ჰოსპიტალში ყოფნა დაავადების სამართავად და საშიშროებას არ წარმოადგენს ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა.
ლევან გოფოძის განცხადებით, ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია.
„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო სწორედ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების პრობლემა. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს დაწოლა. ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, რათა ჩვენ მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს და აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში იმისათვის, რომ შენი დაავადება მართო, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში განხორციელდეს ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, 24-საათიანი მეთვალყურეობა საავადმყოფოში და იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია ამას ვერ ახერხებს. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. კიდევ გაგრძელდება მსგავსი შეხვედრები. დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში უკვე უნდა მთლიანად ჩამოყალიბდეს ყველა ეს კრიტერიუმი, რაზეც პრემიერმა ისაუბრა და ვფიქრობ, იმ პირობებში, როდესაც დაგეგმილია ტესტირების რაოდენობების გაზრდა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს,“ – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.