ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კიდევ შვიდი ტესტის პასუხს ველოდებით
ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კიდევ შვიდი ტესტის პასუხს ველოდებით

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე შვიდი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათ რესპუბლიკურ კლინიკაში ამჟამად 40 პაციენტი იმყოფება და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს.

„გუშინ კვლევა ჩაუტარდა 20 პაციენტს, რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა და ყველა შემთხვევაში ნეგატიური იყო პასუხი. დღეს გაეწერა ხუთი პაციენტი. კიდევ რამდენიმე წავა, ზოგი კარანტინში და ზოგი თვითიზოლაციაში. დღეს შვიდ პაციენტს გაუკეთდა ტესტი და ველოდებით მათ პასუხებს. ჩვეულ რეჟიმში მიდის მუშაობა, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პარამეტრები ყოველდღიურად უმჯობესდება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, რეანიმაციაში იმყოფება ასევე მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, მაგრამ არ დაუდასტურდა კორონავირუსი.

ამასთან, ლევან გოფოძემ საავადმყოფოსთვის სწრაფ ტესტეზეც გააკეთა კომენტარი.

„ჩვენი კლინიკისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ სწრაფი ტესტები გვქონდეს, რადგან ჩვენი კლინიკა მუშაობს იმ პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ კარგად გამოხატული კლინიკური ნიშნები და ჰგავს მეტ-ნაკლებად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის სიმპტომებს. ამიტომაც გვსურს, ჩვენთან წარმოებული ტესტების პასუხების სანდოობა იყოს ძალიან მაღალი. ეს ტესტები, რომლებიც კეთდება ლუგარის ლაბორატორიაში, არის ოქროს სტანდარტი. მე უპირატესობას ამ ტესტებს მივანიჭებდი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.