ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს. როგორც ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კლინიკაში ელოდებიან ასევე განმეორებითი ტესტის შედეგებს გამოჯანმრთელებაზე.
„ამჟამად 64 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. აქედან კოვიდინფიცირებული არის 38. დღეს კიდევ ერთი გაჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას. პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, ერთი ინფიცირებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულ მდგომარეობაში გვყავს. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მეტ-ნაკლები სირთულით. ხუთი პაციენტს პნევმონია აქვს დადასტურებული და ვმკურნალობთ, თუმცა სუნთქვის პარამეტრები მოშლილი არ აქვთ, მართვით სუნთქვას არ საჭიროებენ. ზოგიერთ მათგანს ჟანგბადის მხარდაჭერაც არ სჭირდება. დღეს გაიტესტა კიდევ რვა პაციენტი ჩვენთან კლინიკაში. რეტესტირება ჩაუტარდება კიდევ ხუთ პაციენტს. აქედან სამს აქვს მეორადი რეტესტი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.