ლევან გოფოძე - კორონავირუსზე ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, თუ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, კორონავირუსზე ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს.
„რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება, თუ არის ასეთი შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, ეს დიდი მატერიალურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული და რაც მთავარია, ამ პოლიტიკას, როგორც იცით, განსაზღვრავს NCDC და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოებას რა ნაწილს და ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება“,- განაცხადა გოფოძემ.
კითხვაზე, არის თუ არა დღეს ჩატარებული ტესტები საკმარისი, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ რაც უფრო მეტად შეძლებენ საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლს, მით უფრო ადვილად შეჩერდება შიდა გავრცელება.
„თვითონ ჩვენი ინფექციის კონტროლის სამსახურიც თვლის, რომ მეტი კვლევაა საჭირო. ჩემი შეფასება ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ იქნება, რადგან მთლიან ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ისე დეტალურად არ ვიცნობ. ვინც დეტალურად იცნობს და ფლობს ინფორმაციას, უნდა დავუჯეროთ მათ და ისე გავაკეთოთ, როგორც გვეუბნებიან. პირადად ჩემი აზრი კი ასეთია, რომ რაც უფრო მეტად შევძლებთ საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლს, კლასტერებს დავარქმევთ, ჯგუფებს თუ სხვას, მით უფრო შევაჩერებთ შიდა გავრცელებას“,- აღნიშნა გოფოძემ.
ლევან გოფოძის თქმით, სწრაფი ტესტები ეპიდისიტუაციის კონტროლს დიდ სამსახურს უწევს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, სწრაფ ტესტებს, „პისიარ“ ტესტებთან ერთად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის გასატესტადაც იყენებენ.
„სწრაფი ტესტების ნამდვილობაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს ტესტები, ფაქტია, დიდ სამსახურს უწევს ეპიდსიტუაციის კონტროლს. მედპერსონალიდან 11-ს გაუკეთდა „პისიარ“ ტესტი, მთლიანად გაიტესტა უკვე რეანიმაციის მედპერსონალი და ყველას ნეგატიური აღმოჩნდა, ასევე ე.წ. ემერჯენსის მედპერსონალის ნაწილი გაიტესტა, იქაც უარყოფითი იყო ყველა. დღეს დასრულდება Emergency და მერე გადავალთ დანარჩენ მედპერსონალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედპერსონალი. ვიყენებთ როგორც სწრაფ ტესტირებას, ასევ PCR ტესტებს განსაკუთრებით იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მუდმივ შეხებაშია კოვიდინფიცირებულებთან“,- განაცხადა გოფოძემ.