ლევან გოფოძე - აფხაზეთიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში 18 „კოვიდინფიცირებული“ მკურნალობს, რომელთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს, ექიმის თქმით, ინტენსიური თერაპიის ჩატარების შემდეგ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და უკვე პალატაში იმყოფება.
„60 წლამდე ქალბატონის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ძალიან მძიმე პნევმონიით, თუმცა ინტენსიური მკურნალობით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს გახლავთ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა კავშირი კოვიდინფიცირებულთან და ამის შემდგომ თვითონაც დასნებოვნდა. მკურნალობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ იქ ვეღარ მართეს სიტუაცია და პირველ აგვისტოს რუხის კლინიკაში გადმოიყვანეს. გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, მძიმე ხარისხის პნევმონია და გუშინ პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობის ფონზე, რომელიც ტარდებოდა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და შემდგომში ჩვენთან, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჯერად, პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები და ინტენსიური თერაპია. იმყოფება ჩვეულებრივ პალატაში და საკმარისია მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება“, – განაცხადა გოფოძემ.
ამასთან, ექიმის ცნობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხვალ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.