ლევან გოფოძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო „პლაქვენილს“ მძიმე პაციენტებთან იყენებს
რესპუბლიკური საავადმყოფო მედიკამენტ „პლაქვენილს“ მძიმე პაციენტებთან მიმართებაში იყენებს, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი რამდენიმე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.
რაც შეეხება „პლაქვენილისგან“ გამოწვეულ გვერდით მოვლენებს, გოფოძე ამბობს, რომ მათთან მსგავსი შემთხვევები არ გამოვლენილა.
როგორც გოფოძემ აღნიშნა, უსიმპტომო და მსუბუქი კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატი მათთან არ გამოიყენება.
„ჩვენ არ ვიყენებთ მსუბუქ და საშუალო ფორმის პაციენტებთან „პლაქვენილს“, ვიყენებთ მხოლოდ იმ პაციენტებთან, ვისთანაც არის შედარებით მძიმე მდგომარეობა, დადასტურებული ორმხრივი პნევმონია არის დაბურული მინის კლასიკური გამოხატულებით და ა.შ. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ პაციენტებში ვიყენებთ „პლაქვენილს“ იმ სქემის მიხედვით, რომელიც არის რეკომენდებული საქართველოში. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც უკვე გამოვიყენეთ, გამოჯანმრთელებულია და გაეწერა.
გვერდითი მოვლენა აქვს ყველა მედიკამენტს, მოგეხსენებათ „პლაქვენილსაც“, თუმცა გვერდითი მოვლენები ჩვენთან, მედიკამენტის გამოყენების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამ „პლაქვენილზე“ დიდი ამბავია ატეხილი მთელ მსოფლიოში, რატომ გამოვიყენოთ? მაგრამ ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს არ ამუღია ის მკურნალობის სქემიდან. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მეორე ის არის, რომ რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ავსტრიამ, შვეიცარიამ დაიწყეს ამ მედიკამენტის კვლევა, როგორც საპროფილაქტიკო და პრევენციული მედიკამენტის გამოყენების თვალსაზრისით. ამიტომაც, ასე ხელაღებით მასზე უარის თქმა ან ყველა შემთხვევაში გამოყენება, არ იქნება სწორი. ყოველ შემთხვევაში, მსუბუქი ფორმები და ნაკლებად მძიმე ფორმები არ საჭიროებენ რაიმე დამატებით მედიკამენტურ ჩარევას“,- განაცხადა გოფოძემ.
ლევან გოფოძემ მოსალოდნელ პიკთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელსაც ეპიდემიოლოგები მაისის პირველ ნახევარში ელოდებიან. მისი განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო ინფიცირებულების მატების შემთხვევაში, მზადაა, გამოწვევას სათანადოდ გაუმკლავდეს.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ ექიმებს, რომლებიც უშუალოდ პაციენტებთან მუშაობს, ასეთი ეპიდემიოლოგიური პროგნოზების გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის ყველანაირი გამოწვევისთვის, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ დაიწყება პაციენტების მატება. ჩვენ შეგვიძლია მძიმე პაციენტების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა მივიღოთ და მივხედოთ, მაგრამ იმედი მაქვს, ამის საჭიროება აღარ იქნება“, – განაცხადა გოფოძემ.