ლევან გოფოძე - 15 ივნისიდან კლინიკის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ვგეგმავდით, თუმცა მინიმუმ ერთი კვირით გადაიდება, სანამ მედპერსონალს სრულად არ გამოვიკვლევთ
ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ამ დროისთვის 32 პაციენტი მკურნალობს. მათგან 11 კორონავირუსით ინფიცირებულია.
კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ოთხი კლინიკის მედპერსონალია. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„გვყავდა ათი პაციენტი. ერთი პაციენტი დღეს გადმოგვიყვანეს ინფექციურიდან გულის დაავადებების გამო. მართვით სუნთქვაზეა ერთი პაციენტი, რეანიმაციაში, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესდა. დანარჩენი ჩვენი პერსონალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებულია სამი სანიტარი და ერთი მედდა“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.
მისივე ცნობით, სტაციონარში დღეს დაახლოებით 25 სამედიცინო პერსონალი გაიტესტა და ხვალაც დაგეგმილია ამდენივეს გატესტვა. საავადმყოფოში ხვალისთვის ცხელების ცენტრიდან 9 პაციენტის პასუხს ელოდებიან.
„ტესტირების რეჟიმში ვართ მთელი კლინიკა. გატესტვა ხდებოდა გეგმურად. ეს მედპერსონალის მესამე გატესტვაა. დღეს გაიტესტა 25 მედპერსონალი. ხვალაც გაიტესტება ამდენივე. ცხელების ცენტრიდან ველოდებით ცხრა პაციენტის პასუხს. ჩვენ ვაპირებდით 15-დან ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას და კლინიკის გახსნას, თუმცა გვგონია, რომ მინიმუმ ერთი კვირით გადაიდება. სანამ მედპერსონალს სრულად არ გამოვიკვლევთ. ეს ჩვენს კლინიკაში მედპერსონალის ინფიცირების პირველი შემთხვევაა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.