ლევან გიგინეიშვილი - გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტობა, როგორც ჩანს, უფრო ეფექტური საბოტაჟისა და ძველი ძალის დაბრუნებისთვის სურს
როგორც ჩანს, გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტობა უფრო ეფექტური საბოტაჟისა და ძველი ძალის დაბრუნებისთვის უნდა, – ამის შესახებ ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.
„ვფიქრობ, იმ ძველ ძალას არ აქვს ლეგიტიმაცია, საქართველოში დაბრუნდეს, როგორც პოლიტიკური ძალა. ჩვენ ზნეობრივ პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, რაც არაფერი დიდი შესათანხმებელი არ არის, რადგან ეს ქრისტიანული პრინციპები და ფასეულობებია, რომ მთავარი ფასეულობა ადამიანია და არ შეიძლება, ადამიანის რამისთვის გამოყენება. წინა ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში, ეს პრინციპი სისტემურად იყო დარღვეული. იყო არაადამიანური მოპყრობის უამრავი ფაქტი, სისტემური ძალადობა და ვფიქრობ, ასეთ ძალას ლეგიტიმაცია არ აქვს“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვაზე, არის თუ არა გაშვებული მომენტი, როცა ამ ყველაფრის შეფასება უნდა მოხდეს, ლევან გიგინეიშვილმა განაცხადა, რომ ეს მომენტი არასდროს არ არის გაშვებული, რადგან ამ ყველაფრის შეფასებას მომენტი არ აქვს.
„რა არის „ზნეობრივი ნიურნბერგი“?! ეს ჩემი „ნიურნბერგიც“ არის, რადგან შეიძლება, რაღაცაზე მეც გულგრილი ვიყავი, რაღაცაზე მიმხდალი, ხმა არ მოვიღე, რაღაცა გავატარე და მარტო იმით დავკმაყოფილდი, რომ ტყუილში მონაწილეობა არ მივიღე, მაგრამ ტყუილი არ ვამხილე და ა.შ. მე ჩემს თავში უნდა ჩავღრმავდე და მოვლენას შეფასება მივცე, რომ ეს ხდებოდა და აღარ უნდა მოხდეს. მე თუ მოვლენა არ შევაფასე, ჩემს სულში რაღაც დამბლასავით იქნება დარჩენილი, რომელსაც ვერასდროს მოვირჩენ. თუ ქრისტიანი ხარ, ამის შეფასება და დაძლევა ზუსტად სულიწმინდის ნათლის შუქზე უნდა მოხდეს. თუ ეს არ მოხდა, ეს დამბლა პიროვნულადაც მექნება, მერე საზოგადოებასაც ექნება და ამის გამეორების საშუალება ყოველთვის იქნება“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
როგორც გიგინეიშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება, მხეცობებს გადაცდომა და შეცდომა დაარქვა.
„ეს ხომ არ არის იმ საშინელი რეალობის ევფემიზმებით ჩანაცვლება?! ისმის – შეცდომები გვქონდა, შეგვეშალა, მაგრამ ახლა შეგვიძლია, ხელისუფლებაში ისევ მოვიდეთ და გავაგრძელოთ. ძალადობისა და მხეცობის უამრავი ფაქტი იყო, მაგრამ იგივე აბდალაძის საქმე რომ ავიღოთ, როცა ჟურნალისტს ახლობელს მიუყვან და ეტყვი, თუ ტყუილ ჩვენებაზე ხელს არ მოაწერ, მას უწამებ, უკაცრავად, მაგრამ ეს შეცდომა არ არის. ეს რაღაც ევფემიზმია, რეალობის ორველური ენით ჩანაცვლება, ორველური ენით ჩანაცვლება იმ ენის, რომელიც ამას უნდა მიუყენო და ნამდვილი ენა რომ მიუყენო, უნდა თქვა, რომ ეს შეცდომა კი არა, დანაშაულია“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
მისი თქმით, ორველური ენის გამოყენებით, რეალობისთვის სხვა სახელის დარქმევა ხდება, რომ ამ რეალობის მნიშვნელობა ადამიანთა წარმოდგენაში გაცვითონ, ხოლო თუ იტყვი, რომ ეს ყველაფერი დანაშაული იყო, მაშინ უფლება აღარ გაქვს, პოლიტიკაში მოხვიდე.