ლევან ღირსიაშვილმა აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერთან, მაიორ კვენტინ დოლთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს, მაიორ კვენტინ დოლს შეხვდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაიორი დოლი, რომელიც მათთან აქტიურად თანამშრომლობდა, დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ლევან ღირსიაშვილმა მაიორ დოლს საქართველოში მისი მუშაობის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარს უჭერს როგორც პირადი შემადგენლობის შესაძლებლობათა განვითარების, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერების მიმართულებით. საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ODC-მ 2019 წელს სამსახურს 6 ერთეული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება და ერთი სახანძრო-სამაშველო მანქანა გადმოსცა.
აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერმა, კვენტინ დოლმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, მინდა ვახსენო ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული არაერთი პროექტი. მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ სახანძრო მანქანა, რომელიც გადავეცით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. თუმცა, ამის გარდა, კიდევ ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებული მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობის და ასევე, სასწავლო ცენტრის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული და ამაყი ვართ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გაწეული დახმარებით. იმედი მაქვს, ეს კარგი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა დოლმა.