ლევან დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციასთან დაკავშირებით სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, ვინაიდან ცნობილია, როგორია მისი მმართველობის სტილი
„ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ მიდრეკილია ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობისკენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან დოლიძემ განაცხადა.
როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილ კოალიციას სკეპტიკურად უყურებს.
„კოალიციები ცუდიც არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს კოალიციური მმართველობა რეალურია. რაც შეეხება ამ კომპოზიციას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან, წარმოდგენილ პოლიტიკურ ლიდერთა უმრავლესობა, ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წასვლის შემდეგაც, მათ მჭიდრო სამეკავშირეო ურთიერთობები ჰქონდათ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენებიც, რომლებიც მანამდე არ წარმოადგენდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. ასეთი თანამშრომლობა ჩვენ ვიხილეთ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ისინი ერთად უცხადებდნენ ბოიკოტს პარლამენტის საქმიანობას. ამიტომაც არ ყოფილა სიახლე. შეიძლება ასევე მოვიაზროთ, რომ ასეთი თანამშრომლობა არის სწორედ იმ ორპოლუსიანობის საფუძველიც, რომელიც ჩვენ გვქონდა 2 ოქტომბრის არჩევნებამდე. მოგეხსენებათ, რომ ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობენ, რომ მათ პოლუსებზე მიიმხრონ პატარა პარტიები. „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციასთან დაკავშირებით პირადად სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილი. „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ მიდრეკილია ერთპიროვნული და ეთპარტიული მმართველობისკენ“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ ე.წ. კოალიციური გუნდი წარადგინა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, მოძრაობა „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, აგრეთვე „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.