ლევან ჟორჟოლიანი - საქართველოს აქვს პოტენციალი, ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიის ფარგლებში გამართულ დებატებში თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა მონაწილეობა მიიღო.
დებატები გაიმართა თემაზე – რეგიონების როლი ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად, ევროკავშირის ენერგოპოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა და დღის წესრიგში პრიორიტეტული გახდა მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია.
„როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს, საქართველოს აქვს პოტენციალი, გაზარდოს თავისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილო-სამხრეთის ტრანზიტულ პროექტებში და ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად. გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტური გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო ასპარეზზე, რათა შექმნას ხელსაყრელი გარემო ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებისა და განხორციელებისთვის, როგორც ცენტრალური აზიიდან და კასპიის რეგიონიდან, ასევე ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნებთან კავშირების დამყარებას, რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტების განვითარებას. რუსეთი არ არის საქართველოს ენერგომომარაგების მთავარი წყარო“ – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, საქართველო – რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი ერთ-ერთი წამყვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში.
„ეს ასევე არის პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოს პრიორიტეტულად სურს, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. მიზანშეწონილობის კვლევა დაიწყო 2022 წლის 11 მაისს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. აღნიშნული კაბელი არა მხოლოდ მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირებას ახდენს და ამცირებს მიწოდებასთან დაკავშირებულ რისკს, არამედ ასევე აქვს დიდი პოტენციალი საქართველოსთვის დამატებითი შემოსავლის გენერირებისთვის. მიზანია ქვეყანაში განახლებადი ენერგო რესურსების მაქსიმალურად გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, და იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება სუფთა ენერგიის ჭარბად წარმოებას, ქვეყანა შეძლებს ევროკავშირში მის ექსპორტირებას აღნიშნული წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ახალი ინიციატივა განახლებადი ენერგიის წარმოებაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ კუთხით საქართველოს რეგიონების განვითარებაში. ეს პროექტი სასარგებლო იქნება როგორც მთლიანად ევროპისთვის, რომ გავზარდოთ ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე სუფთა ენერგიის გამოყენებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, რომლის გამანადგურებელ შედეგებს ყოველდღიურად ვგრძნობთ“, – დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.