ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს და ამ კუთხით პრობლემები დაბალანსდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე იქონია ზეგავლენა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარეობს მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ფასების ზრდის ტენდენცია და ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდა.
როგორც ლევან დავითაშვილი ამბობს, უწყება მუშაობს, რათა ასეთ ვითარებაში პრობლემები გარკვეულწილად დააბალანსოს. ამ კუთხით მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„უკრაინა-რუსეთის ომმა მართლაც ახალი გამოწვევები შექმნა. პანდემია არც იყო დასრულებული, როცა ომმა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოს ეკონომიკებზე მოახდინა გავლენა. ფასების ზრდის ტენდენცია ზოგადად, მთელ მსოფლიოშია. რეკორდული ინფლაცია ფიქსირდება ყველგან, დედამიწაზე. შესაბამისად, ეს პრობლემა ყველა მთავრობას უდგას.
ეს გამოწვევა განპირობებულია ძირითადად მიწოდების დარღვევით. ასევე საწვავის რეკორდულად მაღალი ფასებით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეც აისახა. საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან რუსეთიც და უკრაინაც. საქართველოს სავალუტო შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ მათზე მოდის. ჩვენ ამ სიტუაციაში ვმუშაობთ, რომ გარკვეულად დავაბალანსოთ ის პრობლემები, რომელიც ამ შემთხვევაში, იქმნება. მათ შორის ამისთვის ერთ-ერთი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის პროგრამა. ეს არის დამატებით 289 მილიონი დოლარის მყარი ვალუტა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენოთ და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
როდესაც ეკონომიკა არის ჯანსაღი და ჯერჯერობით მაკროეკონომიკური სტაბილურობა სახეზეა, უსაფუძვლოა პანიკა, რომელიც იყო. ეს უკავშირდებოდა სავალუტო კურსს, რომელიც დასტაბილურდა. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ომია რეგიონში, ვიყოთ მაქსიმალურად კონსოლიდირებული. ინფლაციურ წნეხზე ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოში საწვავის ფასები დაიწევს.
„საწვავის ფასებს რაც შეეხება. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ საწვავის ფასები დაიწევს. გეტყვით, რომ ფასები დაიწევს. ამის საფუძველია, რომ გაფორმებულია ახალი კონტრაქტები, რომელიც ახალ ფასებშია, ჯერ არ შემოსულა ქვეყანაში, მაგრამ შემოვა. ამას მკაფიოდ ვაკვირდებით და გვაქვს კერძო სექტორთან დიალოგი, რომ ამ სიტუაციით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს. თუ შევხედავთ ფასებს, ფიუჩერსული გარიგებები ფასებზე არის დაწეული. წლის მეორე ნახევარში ფასები კიდევ უფრო იწევს. პიკური მდგომარეობა გადავლილია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.