საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, დან მალანისთან და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დირექტორთან, ჯეისონ ბუნტინთან შეხვედრაზე, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს ტექნიკური დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდება და ქართული პროდუქცია ამერიკულ ბაზარზე სათანადო ადგილს დაიმკვიდრებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ასევე, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პოლიტიკის კოორდინაციისა და დაგეგმვის პროგრამების კოორდინატორს, დონ ევანსს შეხვდა. მხარეებმა სატყეო სექტორში ამერიკული მხარის დახმარებაზე და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებაზე იმსჯელეს.
ამასთანავე, შეხვედრა გაიმართა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელთან მარგო ელისთან, სადაც სოფლის მეურნეობის დარგში ახალი პროექტის დიზაინი განიხილეს, რომელიც ტექნიკურ დახმარებასა და საგრანტო მიმართულებებს მოიცავს. აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების პროგრამის ხელმძღვანელ ბარბარა პიტკინთან შეხვედრაზე კი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერის პროექტის მომდევნო ფაზის განხორციელებაზე იმსჯელეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა საქართველოს საპატიო კონსულთან, დევიდ შიმპთან, რომელმაც ლევან დავითაშვილს სატყეო სექტორში აკადემიური და სამეცნიერო წრეების ჩართულობაზე და ახალი პროექტის განხორციელებაზე ესაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი სატყეო დარგის დარეგულირება და არსებული მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაა, რაც ტყის კოდექსის დამტკიცებას და იმპლემენტაციას გულისხმობს.
ამასთანავე, მსოფლიო ბანკში და საერთაშორისო სავალუტო ფონდში დასაქმებული წარმატებული ქართველების ინიციატივით, ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ოფისში მიიწვიეს, სადაც მინისტრმა სამინისტროს პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის განვითარებაზე საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს და ამერიკა-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებში, ლევან დავითაშვილთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, დესპანი გიორგი ციკოლია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე. დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 24 თებერვალს დასრულდება.