ლევან დავითაშვილი - უნგრეთის პრემიერის ვიზიტი არის მკაფიო მხარდაჭერა, უნგრეთი არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ეს უსვამს ხაზს ევროპასთან ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას
ლევან დავითაშვილი - უნგრეთის პრემიერის ვიზიტი არის მკაფიო მხარდაჭერა, უნგრეთი არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ეს უსვამს ხაზს ევროპასთან ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას

საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, უნგრეთი არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროპასთან ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას, ჩვენს ევროპულ ასპირაციას და იმ სტრატეგიულ ხაზს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ყოველთვის გააჩნდა, გააჩნია და შეინარჩუნებს მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, შესაბამისად, ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და პროდუქტიული იყოს.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს, რადგან ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სრული მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის. ეს არის, მათ შორის, პატივისცემა ქართული მოსახლეობის სწორი არჩევანის. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უნგრეთთან, რომელიც გვქონდა. ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასევე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო შედეგიანი, პროდუქტიული იყოს. თუმცა, ეს ურთიერთობები უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ისიც ფაქტია, რომ უნგრეთი დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო დაეხმარება ჩვენს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდეს. მომავალში პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.