ლევან დავითაშვილი - უნგრელ კოლეგასთან საუბარი იყო საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მეტად გამოყენებაზე, ასევე საინვესტიციო პროექტებზე, როგორც კერძო სექტორის, ისე საჯარო ინვესტიციების კუთხით
ლევან დავითაშვილი - უნგრელ კოლეგასთან საუბარი იყო საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მეტად გამოყენებაზე, ასევე საინვესტიციო პროექტებზე, როგორც კერძო სექტორის, ისე საჯარო ინვესტიციების კუთხით

მე მქონდა შეხვედრა უნგრეთის ეკონომიკის მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. უნგრეთთან მნიშვნელოვანი ფორმატი შევქმენით, შევჯერდით, რომ გვქონდეს მთავრობების გაფართოებული თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებში ვსაუბრობთ მეტ ეკონომიკურ კავშირზე ორ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, ასევე, უნგრეთის წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მეტად გამოყენებას.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საპორტო ინფრასტრუქტურაში უნგრული კომპანიების დაინტერესებაზე, რადგან როგორც საქართველოს, ისე უნგრეთს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია გააჩნია, შესაბამისად, ველოდებით, რომ იქნება მეტი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ასევე ვისაუბრეთ კონკრეტული პროექტების გაზიარებაზე. ჩვენ მოვამზადებთ პაკეტს და გავუზიარებთ კოლეგებს. საინვესტიციო პროექტებზეა საუბარი, როგორც კერძო სექტორის, ისე საჯარო ინვესტიციების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთის და უნგრული ბიზნესის დაინტერესება ამ პროექტებით იქნება საკმაოდ მაღალი. ასე რომ, ჩვენ კომუნიკაციას, დიალოგს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით ვაგრძელებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.