ლევან დავითაშვილი - პირდაპირ ფინანსურ ტრანსფერებსა და დახმარებებს საქართველო საჩუქრის სახით არ იღებს
უნდა დავაფასოთ ის თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან გვაქვს, უნდა ვიყოთ მადლიერები, როდესაც საუბარია დახმარებებზე, მაგრამ საკრედიტო დახმარებება არ არის საჩუქარი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრს დაუსვეს კითხვა საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „2012 წლიდან, საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკამ – 415 მლნ ევრო, სოციალურმა დაცვამ კი 201 მლნ ევრო მიიღო, ეს იმ ფონზე, როდესაც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არ არსებობს საფრანგეთიდან“.
როგორც კითხვაზე პასუხისას დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო პირდაპირ ფინანსურ ტრანსფერებსა და დახმარებებს საჩუქრის სახით არ იღებს.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი შალვას განცხადება იყო მართალი. ჩვენ პირდაპირ ფინანსურ ტრანსფერებს, დახმარებებს საჩუქრის სახით არ ვიღებთ, თუმცა უნდა დავაფასოთ ის თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც გვაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ღირებულია პარტნიორობა და თანამშრომლობა საფრანგეთთან, ვფიქრობ, უნდა ვიყოთ მადლიერები, როდესაც საუბარია დახმარებებზე, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია საკრედიტო დახმარებებზე, ეს არ არის საჩუქარი, ეს არის სესხი. აქ არის რაციონალური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ეს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ენერგეტიკასაც ხმარდება, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ამის უკან პასუხისმგებლობები გვაქვს და ჩვენ ამ სესხებს უნდა მოვემსახუროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.