ლევან დავითაშვილი - ტრასეკა-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა შევძლოთ უკეთესად კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან
საქართველოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტრასეკა-ს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის წამყვან როლს თამაშობდა ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის კუთხით.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შუა დერეფანი და ტრასეკა ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს წარმოადგენს.
„ტრასეკა ბოლო 30 წლის განმავლობაში უმთავრესი პლატფორმაა ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით. საქართველო ტრასეკა-ს აქტიური წევრია და მიმდინარე წელს უკვე ტრასეკა-ს თავმჯდომარეობას გადაიბარებს. ტრასეკა-ს წევრი ქვეყნები წლების განმავლობაში თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე ოპერაციების კოორდინაციების კუთხით. მთავრობათშორისი კომისიის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ამ კომუნიკაციის, სამუშაოების კოორდინაციის და თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, დღეს ტრასეკა-ს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ზოგადად, შუა დერეფანი და ტრასეკა ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს წარმოადგენს. შესაბამისად, ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, კონკურენტუნარიანობა, ზოგადად, შუა დერეფნის და ტრასეკა-ს წევრი ქვეყნების სატრანსპორტო ჯაჭვებს მნიშვნელოვნად ზრდის.
როდესაც ვსაუბრობთ დერეფნების კონკურენტუნარიანობაზე, ეს შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი, ეს არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის გამართულობა, რა მიმართულებითაც მუშაობა წევრ ქვეყნებში მიდის. ყველა ქვეყანა აუმჯობესებს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ე.წ რბილი კომპონენტი, როდესაც კოორდინაციის და მართვის საკითხები უმჯობესდება. ამ კუთხით ტრასეკა-ს როლი მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის იყოს კოორდინაცია და დერეფანს ჰქონდეს კონკურენტუნარიანობა. ჩვენ გვესმის, რომ არათუ ქვეყნებს ექნებათ განსხვავებული სატარიფო მიდგომა, არამედ ქვეყნებს შორისაც სხვადასხვა აქტორს განსხვავებული სატარიფო პოლიტიკა და მიდგომები გააჩნია, გამომდინარე მათი ინვესტიციებიდან და კერძო საინვესტიციო თუ კომერციული გადაწყვეტილებებიდან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებისთვის იყოს გამართული მომსახურება და გამჭვირვალობა. ასევე, პროგნოზირებადობა დერეფანში ტარიფების ჩამოყალიბების კუთხით და ტრასეკაც სწორედ ამაზე მუშაობს.
საქართველო ყოველთვის წამყვან როლს თამაშობდა ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის კუთხით, თუმცა საქართველო ცალკე აღებული ვერ შეძლებს, რომ დააკავშიროს ევროპა და აზია, შესაბამისად, საქართველოს უწევს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან დერეფნის გასწვრივ, ეს არის აზერბაიჯანი, იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნები და შემდგომში უკვე ევროკავშირი. ევროკავშირი არის უკვე ტრასეკა-ს მონაწილე და მისი ინიცირებით ჩამოყალიბდა ზოგადად ტრასეკა-ს ფორმატი. საქართველოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ კუთხით, რომ საქართველომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან ტრასეკა-ს უფრო ეფექტურად ფუნქციონირებისთვის და ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.