ლევან დავითაშვილი - სრული მზადყოფნა გვაქვს, თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და ძალიან მკაფიოდ და ცალსახად დგას სიმართლის მხარეს.
ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა, კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს კრიზისულ ვითარებაში.
„პირველი დღიდან, როდესაც დაიწყო კრიზისი, ჩვენ გქვონდა ამაზე ინფორმაცია ჩვენს მოსახლეობასთან. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, პირველი იყო ჰუმანიტარული პასუხი ალბათ იმ გამოწვევებზე, რომელიც დაუდგა უკრაინელ მოქალაქეებს, ტურისტებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ საქართველოში ვეპატიჟებოდით და გვინდოდა, საქართველო საუკეთესო ფორმით გვეჩვენებინა. ამიტომ, ტურიზმის ადმინისტრაციამ პირველივე დღეს გააკეთა ცხელი ხაზი, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ პრობლემა თავშესაფართან დაკავშირებით და პირიქით, მათ ჰქონოდათ დაბინავების მაქსიმალურად კარგი პირობები.
მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს გამოჩენილი სოლიდარობისთვის. ამის შემდგომ ჩვენ დავიწყეთ ტურისტების განთავსება ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩა ნორმალური საცოხვრებელი პირობების გარეშე.
ჩვენ გვესმის, რომ რაც უნდა სოლიდარული იყოს კერძო სექტორი, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ ტურისტების მოვლა-პატრონობას, რჩენას. ამიტომ ჩვენ მყისიერად გადავწყვიტეთ, რომ ყველა იმ რესურსს, რომელსაც ვიყენებდით მათ შორის წინა პერიოდში, პანდემიის კრიზისის პირობებში სასტუმროების კუთხით, დავაფინანსებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე, სახელმწიფო მოახდენს ზრუნვას იმ ადამიანებზე, ვინც საქართველოში დარჩა და დაბრუნების საშუალება არ აქვს, საუბარია ტურისტებზე, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგს შეიძლება, არ აქვს საარსებო საშუალებები.
ასევე, საქართველოს ფოსტას დაევალა, რომ განეხორციელებინა ამანათების უფასოდ მიწოდება უკრაინაში, ნებისმიერი მსურველის გზავნილი უკრაინაში გაიგზავნოს უფასოდ. „აწარმოე საქართველომ“ დაიწყო ორგანიზებულად ბიზნესთან კომუნიკაცია, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია მიეწოდოს ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებს. ეს ორგანიზებული ღონისძიებაა, დღეიდან ძალაში შედის, თუმცა წინა პერიოდში რამდენიმე დღე მიდიოდა მოსამზადებელი სამუშაოები, მედიასთან იქნება ამაზე დამატებითი კომუნიკაცია. იგივე ტრანსპორტის კუთხით, როდესაც უკრაინულ გემებს შეექმნათ პორტში შესვლის პრობლემა, ჩვენ მათ ყველანაირი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ, მათ შორის ფინანსური რესურსებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ჰუმანიტარული დახმარება მუდმივად მხარდაჭერილი იქნება.
„საქართველო ამ ნაწილში არის სოლიდარული, ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ვდგავართ სიმართლის და სამართლიანობის მხარეს. სამინისტრო ამას განახორციელებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ვიქნებით ერთსულოვანი საქართველოს მთავრობასთან ერთად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სრული მზადყოფნა აქვთ, თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
„პირადად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ და ვაფიქსირებ მთავრობის პოზიციასაც, რომ საქართველო ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში მობილიზებულია, აღმოვუჩინოთ ჰუმანიტარული დახმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ასე რომ, რაც არ უნდა სირთულეები, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა ჰქონდეს ქვეყანას და ქვეყნის შიგნით ჰყავდეს დევნილი მოსახლეობა, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვესმის, რა არის სოლიდარობის ფასი. სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ღიად ვამბობ, საქართველო, რა თქმა უნდა, მზად არის, ასეთ შემთხვევაში მიიღოს ლტოლვილები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.