ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ძალიან ინტენსიურია და მრავალ მიმართულებას მოიცავს
თურქეთში დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში. ენერგეტიკა ერთ-ერთი სფეროა, სადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თურქეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან ინტენსიური, ის მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, ამიტომ ჩვენ გვქონდა საუბრები როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე ინვესტიციებზე, ტრანსპორტის მიმართულებაზე, ენერგეტიკაზე და ა.შ. ამაზე ისაუბრეს ასევე ორი ქვეყნის ლიდერებმა. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში. ენერგეტიკა ერთ-ერთი სფეროა, სადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები და დღეს საქართველოდან ხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტი უწყვეტ რეჟიმში თურქეთში, ასევე თურქეთის მხრიდან ჩვენ გვაქვს ინვესტიციები ენერგეტიკულ სფეროში. საუბარია იმაზე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო იყოს, გაიზარდოს შესაძლებლობები, მათ შორის, ინვესტიციები განხორციელდეს გადამცემ ინფრასტრუქტურაში, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი იყოს ეკონომიკური კავშირი. ასევე ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სატრანსპორტო პროექტებზე და ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებიც ქვეყანას გააჩნია და მათში თურქეთის შესაძლო მონაწილეობაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.