ლევან დავითაშვილი - საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის გაზით მომარაგების და ენერგოუსაფრთხოების კუთხით
ლევან დავითაშვილი - საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის გაზით მომარაგების და ენერგოუსაფრთხოების კუთხით

საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. პროექტი ათი წლის წინ დაიწყო და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის გაზით მომარაგების კუთხით, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის, რაშიც საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა დღეს ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალზე სამხრეთის გაზის დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა, ასევე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა პროექტის მიმდინარე საკვანძო საკითხები და მისი განვითარების სამომავლო ხედვა და გეგმები განიხილეს. მინისტრთა სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალები სწორედ საქართველოზე გადის და კასპიის ზღვიდან გაზის მიწოდება საქართველოს აქტიური თანამონაწილეობის და ჩართულობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

„ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანსა და თურქეთთან, რათა ამ პროექტის შესაძლებლობები მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს და მან კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს ევროპის გაზით მომარაგების მიმართულებით. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს თავისი ეკონომიკური ინტერესები და ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოხატული“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბაქოში მიმდინარე შეხვედრა საქართველოსთვის ასევე სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ის კარგი შესაძლებლობაა პარტნიორ ქვეყნებთან ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ამ კუთხით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ.

ლევან დავითაშვილი სიტყვით გამოვიდა ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე მონაწილე ქვეყნების მინისტრთა სესიაზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის დაწყებისთანავე მისი აქტიური მონაწილეა და უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს მას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებების მიღწევას, რომელიც მიზნად ისახავს 2027 წლისთვის აზერბაიჯანის გაზის ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით მიწოდების წელიწადში, მინიმუმ, 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას (2021 წლის 8,1 მილიარდიდან).

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სახელმწიფო შვილობილი ენერგეტიკული ლიდერი)  ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით გადამისამართებაზე, რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა – დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში.

„საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი, რომლის ქმედებაც მიმართულია სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის დერეფნის ინიციატივის სრულმასშტაბიანი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს, მათ შორის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან გაზის შესაძლო მიწოდებას, ასევე ტრანსკასპიური (ან ინტრაკასპიური) გაზსადენის პროექტის განხორციელებას. საქართველო მზად არის, გააგრძელოს აქტიური დიალოგი აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთის გაზის დერეფნის სხვა მონაწილეებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალში საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.