ლევან დავითაშვილი - საქართველო მოწადინებულია, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკასთან და, ზოგადად, პარტნიორებთან
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ და გრძელვადიან პარტნიორებთან გვქონდეს სტაბილური ურთიერთობები, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება მიმართული, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აქედან გამომდინარე, არაერთი განცხადება იყო გაკეთებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან როგორც საარჩევნო პროცესში, ისე წინა პერიოდში, რომ საქართველო მოწადინებულია, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკასთან და, ზოგადად, პარტნიორებთან. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება და გადაიტვირთება“,- განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე მეტი გააკეთა ევროინტეგრაციის კუთხით.
„ჩვენ მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს პროგრესს და ეს პროგრესი გამოიხატებოდა ბევრ წარმატებაში, რაც საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მიღებით განისაზღვრა. ეს პროგრესი გაგრძელდება შემდეგ პერიოდშიც და ამ პროგრესის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი საარჩევნო პროგრამის, ჩვენი დაპირებების და ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებების განხორციელების შედეგად, სხვანაირად – არანაირად. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა, ეკონომიკის განვითარება. საზოგადოება უახლოეს ხანებში დაინახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება ევროპასთან აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხითაც და რა დონის მაღალი კოორდინაცია ექნება სამთავრობო გუნდს, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც დაფიქსირდა, რაც ჩვენი კანდიდატის სტატუსის მერე ევროპასთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა, სხვა შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, ეს შესრულდება. ეს პრინციპული რეფორმებია, რომლებზეც ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ ამას განვახორციელებთ“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო პროცესი ყველა ქვეყანაში და ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არის არაორდინარული.
„დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს საქართველოს ხალხის მანდატი, რომ განახორციელოს რეფორმები და მივიღოთ ის პრინციპული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოსახლეობას შევპირდით. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ პარტნიორი ქვეყნები ამასაც აღიქვამენ ადეკვატურად და გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის, თანამშრომლობასა და ურთიერთობებში ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან. საუბარია როგორც აშშ-ზე, ისე ევროპაზე და სხვა პარტნიორ ქვეყნებზე, რომლებთანაც ურთიერთობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ის არ არის შეჩერებული და მოიცავს მთელ რიგ ვალდებულებებს, რომელთა შესრულების გარეშეც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბარი არ იქნებოდა.
„ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მკაფიო მყარი ხედვა, რომ საქართველო ამ კუთხით გააგრძელებს სვლას, ასევე საქართველოს მთავრობის განწყობა და მზადყოფნა, რომ ამ რეფორმებში ვიყოთ აქტიური“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„ჩვენ გვესმის, რომ საარჩევნო პროცესი, გარკვეულწილად, არაორდინარული ვითარებაა. ეს პროცესი დასრულდა. საქართველოს ხელისუფლებას აქვს მანდატი. ემოციები გადაიდება გვერდზე. ახლა საუბარია პრაგმატულ პოლიტიკაზე ორივე მხრიდან – მე ამის მოლოდინი მაქვს – და თანამშრომლობაზე, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს როგორც საქართველოსთვის, ისევე, ვიტყოდი, ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.