ლევან დავითაშვილი - ხელფასები საკმაოდ არის გაზრდილი, მაგრამ კიდევ დიდი პოტენციალია იმ კუთხით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში ანაზღაურება კერძო სექტორისას უნდა გავუთანაბროთ
ლევან დავითაშვილი - ხელფასები საკმაოდ არის გაზრდილი, მაგრამ კიდევ დიდი პოტენციალია იმ კუთხით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში ანაზღაურება კერძო სექტორისას უნდა გავუთანაბროთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინფლაცია ნელი ტემპით, მაგრამ მცირდება. თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ შორს არის სამიზნე მაჩვენებლისგან.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოვრების დონე გავზარდოთ იმგვარად, რომ ქვეყანაში მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდებოდეს. ეს მიიღწევა მხოლოდ ხელფასების ზრდით, ხელფასების ზრდას კიდევ წინ უნდა უძღოდეს და, როგორც წესი, უძღვის ეკონომიკური ზრდა. ამიტომ ჩვენ გვესმის ერთი მხრივ, მაღალი ინფლაციაა, მაგრამ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინფლაცია იწყებს შემცირებას, ნელი ტემპით, მაგრამ შემცირებას. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლისგან, მაგრამ აქედან გამომდინარეც არის საკმაოდ მაღალი მონეტარული განაკვეთი, რასაც ეროვნული ბანკი რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებს და შევინარჩუნებთ, რათა მოვახერხოთ ინფლაციის შესუსტება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას, მინისტრის განმარტებით, ხელფასები და შემოსავლები ქვეყანაში გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ყველაფერი კეთდება.

„ამას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ვსაუბრობთ ინვესტიციებზე და ერთ-ერთი კონტრიბუტორი პირდაპირი ინვესტიციებია, თუმცა არა მხოლოდ. ამიტომ, გვინდა, გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა ისე, რომ გვქონდეს მეტი შემოსავალი, საშუალება, რომ ხელფასები უფრო იზრდებოდეს. საქსტატმა საკმაოდ საყურადღებო კვლევა გამოაქვეყნა. პოზიტიური ელემენტიც იყო, საკმაოდ გაზრდილია ხელფასები, საშუალო ხელფასი, მაგრამ არის კიდევ დიდი პოტენციალი იმ კუთხით, რომ დავინახეთ, მაგალითად, კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია განსხვავება, თუმცა მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ რამდენიმე წელში ჩვენ უნდა დავაწიოთ კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეების ანაზღაურება. ქვეყანას მოუწევს ბევრი კომპლექსური ნაბიჯის გადადგმა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კუთხით. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.