ლევან დავითაშვილი - საარჩევნო დაპირებები აბსოლუტურად რეალისტურია და შესრულდება მსხვილი მასშტაბის, სტრატეგიული პროექტების განხორციელების შედეგადაც
ლევან დავითაშვილი - საარჩევნო დაპირებები აბსოლუტურად რეალისტურია და შესრულდება მსხვილი მასშტაბის, სტრატეგიული პროექტების განხორციელების შედეგადაც

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საარჩევნო დაპირებები აბსოლუტურად რეალისტურია და, მათ შორის, მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტების განხორციელების შედეგად შესრულდება.

„ძირითადი აქცენტები გაკეთდა უფრო მსხვილი მასშტაბის, მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ იმ შედეგებს, რომლებზეც, ერთი მხრივ, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი აქცენტები საარჩევნო პროგრამის წარდგენის დროს. იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაახლა, როგორც მიმდინარე წლის შეფასება, ისე საშუალოვადიანი პროგნოზები, რომლებიც კიდევ უფრო ოპტიმისტურია. ჩვენი შეფასებები დადასტურებულია საერთაშორისო კომპეტენტური საფინანსო ორგანიზაციის მიერ. აქედან გამომდინარე, საარჩევნო დაპირებები აბსოლუტურად რეალისტურია, შესრულდება, და შესრულდება ზუსტად ამ პროექტების განხორციელების შედეგადაც.

აქ საუბარია მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც უკავშირდება ქვეყანაში გენერაციის გაზრდას, განახლებადი ენერგიების კუთხით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ ეს პოტენციალი არ იყო სრულად ათვისებული, თუმცა ბოლო წლების საკმაოდ აქტიური პოლიტიკის შედეგად, დავინახეთ, რომ მნიშვნელოვანი დაინტერესებაა ინვესტორების მხრიდან. აქტიურად ვმუშაობთ, ეს მოგცემს საშუალებას, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ განახლებად წყაროებში, იქნება ეს ჰიდროელექტროენერგიის თუ ქარისა და მზის სადგურების მიმართულებით.

ასევე, ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ბოლო წლების განმავლობაში გადამცემი ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმზიდველი ფაქტორი ინვესტორებისთვის, რომ ინვესტიციები გააკეთონ ამ სექტორში, რაც საშუალებას მისცემთ, მათ არ ჰქონდეთ დანაკარგი, არამედ მათ მიერ გენერირებული ენერგიის სრულად რეალიზება მოახდინონ. ძალიან მნიშვნელოვანია გადამცემი ინფრასტრუქტურა მეზობელ ქვეყნებთან და, მათ შორის, ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირებადობა. ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ენერგოსისტემას იმის გამო, რომ, გარდა შიდა ბაზრისა, ასპარეზი ჩნდება ინვესტორებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ელექტროენერგიის ექსპორტისა.

ასევე, გვესმის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკა იზრდება მაღალი ტემპებით, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მათ შორის ენერგეტიკული ენერგომოხმარების სტრუქტურის ცვლილების შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მზარდი იქნება მოთხოვნა შემდეგ წლებში, თუმცა 2030 წლისთვის ის ამბიციური მიზანი, რომ ჩვენ არათუ სრულად დავაკმაყოფილებთ ჩვენს შიდა მოხმარებას გაზრდილი მოთხოვნის პირობებშიც, არამედ გვექნება საექსპორტო პოტენციალი, ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმაა. ჩვენ გვაქვს უამრავი შეთანხმება კერძო ინვესტორებთან, რომლებიც განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა და 2025 წლიდან ჩვენ უკვე მნიშვნელოვანი სიმძლავრეები შეგვემატება ელექტროენერგიის კუთხით. მნიშვნელოვანი პროექტებია სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროექტი ხორციელდება მაქსიმალური პასუხისმგებლობით და საქართველოს ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით.

„ანაკლის ღრმაწყლოვან პორტზე ვსაუბრობდით და საზოგადოებამ იხილა პროგრესი მშენებლობის კუთხით. აქაც, მინდა, მკაფიოდ გავუსვა ხაზი, რომ ჩვენ ძალიან თანმიმდევრული ვართ ამ პროექტის განვითარებაში. პროექტს ვახორციელებთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და საქართველოს ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით. იყო სპეკულაციები, რომ ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ დაანონსდა, შემდეგ ვერ განხორციელდა, რამდენიმე მცდელობა იყო. კერძო-საჯარო თანამშრომლობის ახალი კანონმდებლობა ჩვენი ხელისუფლების პირობებეში შეიქმნა და ევროპის უმაღლეს სტანდარტებს ითვალისწინებს კერძო და საჯარო თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ დავიწყეთ პროცესი და, კანონმდებლობის ვადების შესაბამისად, მიმდინარეობს აქაც ინვესტორის მოძიების სამუშაო, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ასე რომ, დათქმულ ვადებზე უფრო სწრაფად გვექნება საშუალება, რომ ეს პორტი ოპერირებადი გახდეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მთელი რიგი მიმართულებით ხდება ინვესტიციები მნიშვნელოვან საჯარო ინფრასტრუქტურაში, რომელიც დაკავშირებადობას უწყობს ხელს.

„ეს არის როგორც ჩქაროსნული მაგისტრალი, ეს არის რკინიგზის მოდერნიზაცია და სხვა, რაც ასევე მოგვცემს სატრანსპორტო ლოგისტიკური პოტენციალის ამაღლების საშუალებას, მათ შორის, საავიაციო კუთხით. ინტენსიურად ხდება ორი მნიშვნელოვანი აეროპორტის განვითარება – ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობების გაზრდის პრეზენტაცია იხილა მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სრულად მოემსახურება. ესეც ორიენტირებულია 5 მლნ მგზავრზე მეტზე, ანუ აქაც გაზრდილი მგზავრთნაკადის იმედი გვაქვს შემდეგ წლებში; და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო მსხვილი მასშტაბის პროექტი – სრულიად ახალი სააეროპორტო კლასტერი, რომელიც ვაზიანში განხორციელდება. აქაც 18-19 მლნ მგზავრზე ვსაუბრობთ. ეს არ არის მხოლოდ ტურისტები, თუმცა ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გვაქვს საშუალება, გვქონდეს ასეთი ინფრასტრუქტურა და გვქონდეს პირდაპირი კავშირები სხვადასხვა მნიშვნელოვან პოტენციურ ბაზართან, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მობილობა იზრდება შიგნით და ამ მობილობას უნდა ემსახურებოდეს ინფრასტრუქტურა. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, სამიზნე მაჩვენებლებზე, კონკრეტულ პროექტებსაც პარალელურად ვახსენებთ ხოლმე, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამ განვითარების ნაწილია, მაგრამ, ამავე დროს, საჭიროა, რომ ამ განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა დახვდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.