ლევან დავითაშვილი - „ქართული ოცნების“ პერიოდი არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი დაუთმია არც ერთ ასპარეზზე
ჩვენ თუ ჩვენს ოკუპანტებს რაიმე ნაწილში დავუთმობთ ჩვენს ინტერესებს, ამ შემთხვევაში ვიქნებით უსამართლოები ჩვენი გმირების ხსოვნის და ხალხის მიმართ, ვის მიმართაც გვაქვს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსვლის დღიდან, 2012 წლიდან ემსახურება მხოლოდ თავის ხალხს.
„ჩვენი პერიოდი არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი არ დაუთმია არცერთ ასპარეზზე, არც საერთაშორისო პლატფორმებზე დიპლომატიური კუთხით, არც საერთაშორისო სასამართლოებში, არც დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის ოკუპაციის გზით. პირიქით, ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სახელი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. გავამყარეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზით, მათ შორის ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესების გზით ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო დღეს საინტერესო ეკონომიკა და, ზოგადად, საინტერესო პარტნიორია.
„საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა უნდა ძალიან ბევრ ქვეყანას და „აბრეშუმის გზის ფორუმმაც“ ეს ძალიან მკაფიოდ დაადასტურა. ჩვენ ვნახეთ და ვიცით, ის თაობა ვართ, რომელმაც გამოვცადეთ, მათ შორის, დამატებით ტერიტორიების დაკარგვა, დამატებით ლტოლვილები, დამატებით ქვეყნის ღირსების შელახვა და ბევრი სხვა რამ. ოპონენტები, რაზეც დღეს აპელერებენ და ცდილობენ, შექმნან ე.წ. სკანდალი, დამნაშავენი არიან ყველა იმ პრობლემაში, მათ შორის იმ გმირი ადამიანების სიცოცხლეზე, რომლებიც შეეწირნენ 2008 წლის ომს და სხვა ომებს. ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს ქვეყნის სწორად მართვა, ქვეყნის ინტერესების ღირსეულად წარმართვა და დაცვა. ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.