ლევან დავითაშვილი - პოლიტიკურ ასპარეზზე გვევლინებიან ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა კონფიგურაციით, წლებია, გვყავს ერთი ოპონენტი, ბოროტი ძალა „ნაციონალური მოძრაობა“
ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა კონფიგურაციით გვევლინებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს არის მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ ჩვენ გვყავს, ერთი მხრივ, ძირითადი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობა“ და ასევე გვყავს სხვა ახალი პარტიები. წლების განმავლობაში გვყავს ერთი ოპონენტი – „ნაციონალური მოძრაობა“ – ბოროტი ძალა, რომელმაც თავისი უპასუხისმგებლო საქმიანობით ქვეყანას ძალიან დიდი კვალი დაატყო, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანების როგორც მიდგომები, სტილი, ტაქტიკა, ისე ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებები, სრულ თანხვედრაშია ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტილისტიკასთან.
„სამწუხაროდ, დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი დაცლილია არგუმენტისგან. ეს არ არის კარგი არც მთავრობისთვის, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ არგუმენტირებულ კრიტიკას. ჩვენ ფაქტობრივად არ გვინახავს რაიმე მოსაზრება, ალტერნატიული წინადადება, რომელიც ქვეყნის განვითარებას წაადგებოდა და ჩვენი ხალხისთვის იქნებოდა სასარგებლო. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც არაფერს ეფუძნება ხოლმე, უბრალოდ, ლანძღვას, სამწუხაროდ, ესთეტიკის კუთხითაც ეს ძალიან მიუღებელი და შეუფერებელია, მაგრამ არაფერი გვიკვირს, იმიტომ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვყავს ერთი ოპონენტი – „ნაციონალური მოძრაობა“ – ბოროტი ძალა, რომელმაც თავისი უპასუხისმგებლო საქმიანობით ქვეყანას ძალიან დიდი კვალი დაატყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ადამიანები, პიროვნებები სხვადასხვა კონფიგურაციით გვევლინებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს არის მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ ჩვენ გვყავს, ერთი მხრივ, უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბებული ძირითადი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობა“ და ასევე გვყავს სხვა ძალები, სხვა ახალი პარტიები, რომლებმაც შეიძლება რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას.
ეს ასე არ ხდება, იმიტომ, რომ ახალს ისინი არაფერს გვთავაზობენ. მათი როგორც მიდგომები, სტილი, ტაქტიკა, ისე ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტილისტიკასთან. მათ შორის, ჩვენ დავინახეთ ეს პროცესები ევროპასთან დაახლოების პროცესში გასულ წელსაც, დაწყებული 2022 წლიდან, როდესაც საქართველომ განაცხადა ევროპაში წევრობის შესახებ, ყველა ძალა ერთიანად ცდილობდა ამ პროცესის ხელის შეშლას. ეს გაგრძელდა 2023 წელსაც და იმ დროს, როდესაც ძალიან გეგმაზომიერი მუშაობის შედეგად – და ეს იყო მთელი სამთავრობო გუნდის და არამხოლოდ მთავრობის, მთლიანად მმართველი გუნდის, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო ნაწილის, ხალხის მონდომება და სულისკვეთება – ჩვენ შევძელით კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ალბათ ათწლეულების ყველაზე დიდი შედეგი და დამსახურებაა, ამ შემთხვევაშიც კი, ბოლო დღემდე, როდესაც ისინი ამ პროცესს ხელს უშლიდნენ თავიანთი სხვადასხვა გამოხტომით, ქმედებით, უპასუხისმგებლობით, მაშინ დაიწყეს გადაბრალება.
ჩვენ ვხედავთ დაფაზე ერთი და იმავე ფიგურების გადაადგილებას და, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელიც არის, იმიტომ, რომ მოსახლეობას აქვს საკმარისი გამოცდილებაც უკვე ამ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის, ახალი სახეებიც არ არიან, ეს არიან იგივე სახეები, რომლებიც სახელებს და პოზიციებს იცვლიან დაფაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.