ლევან დავითაშვილი ოპოზიციის განცხადებებს პოპულისტურსა და დილეტანტურს უწოდებს
ლევან დავითაშვილი ოპოზიციის განცხადებებს პოპულისტურსა და დილეტანტურს უწოდებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს პოპულისტურს უწოდებს.

დავითაშვილის თქმით, საქართველოში პურის ფასები შენარჩუნებულია, ასევე ხორბლის მარაგების არსებობაზე ქვეყანაში კითხვის ნიშანი არ დასმულა და მთავრობას აქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა და მომარაგება შეუფერხებლად განხორციელდეს.

„მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ პოპულისტურია ის განცხადებები, რომელიც გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს ჰქონდათ პრესაში და რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ერთი და იმავეს იმეორებენ. ვხედავთ, არაერთხელ ყოფილა სამინისტროს მუშაობისა და ზოგადად, მთავრობის აგრარული პოლიტიკის კრიტიკა. ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში, დილეტანტურია განცხადებები, რომლებიც მოკლებულია არსს, მათ არ აქვთ ბევრი ინფორმაცია. სამწუხაროდ, არ აქვთ მათ შორის პროფესიონალური ცოდნა, რომ სწორად შეაფასონ ვითარება და სწორი დასკვნები გამოიტანონ. უბრალოდ ცდილობენ, ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებით ისარგებლონ, ამ რთულ ვითარებაში ისინი მანიპულირებენ ფერმერების გრძნობებით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობის აგრარული პოლიტიკა თანმიმდევრულია.

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი პოლიტიკა ზოგადად აგრარულ დარგში იყო თანმიმდევრული პირველი დღიდან. ეს გულისხმობდა მეტ ყურადღებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის და ზუსტად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა პირველად კერძო სექტორზე დახმარების სახელმწიფო პროგრამები აგრარული მიმართულებით. ეს ჩვენთან არასოდეს ყოფილა. მანამდე იყო ძირითადად სახელმწიფოს ინტერვენციები სახელმწიფო კომპანიების შექმნისა და განვითარების მიზნით, მაგრამ კერძო სექტორის ამხელა მხარდაჭერა, რამდენიმე ასეულმილიონიანი არასოდეს ყოფილა აგრარულ სექტორში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ შედეგებზე და მათ შორის მარცვლეული კულტურებისა და ხორბლის წარმოებაზე, ეს არის გრძელვადიანი პროცესი და აქაც ჩვენი პოლიტიკა იყო თანმიმდევრული მიუხედავად იმისა, ვინ იყო სამინისტროს ხელმძღვანელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.