ლევან დავითაშვილი - მცდელობების მიუხედავად, ხელისუფლებას დაბრალდეს რუსეთთან თანამშრომლობა ან კომპრომისი, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთისთვის არაფერი დაუთმია
მიუხედავად მცდელობებისა, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს რუსეთთან თანამშრომლობა ან კომპრომისი, ფაქტი სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში, რუსეთისთვის არაფერი დაუთმია და ეს არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ლევან დავითაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად დაესწრო. მინისტრი ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობდა.
„ოპოზიციის მხრიდან გარკვეული თემატიკით სპეკულირება არახალია. ჩვენ დღესაც უშინაარსო პოლემიკის მომსწრე ვართ. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან საზოგადოებისთვის ამომწურავად იყო გაცემული პასუხი მაშინვე, როცა ჩვენ დავბრუნდით ამ ფორუმიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მქონდა პრესკონფერენცია, განმარტებები გავაკეთეთ ამ საკითხზე. მოხარული ვარ, თქვენ წინაშე მეტი განმარტება გავაკეთო, დავაზუსტო ინფორმაცია, რადგან ბევრი ინფორმაცია იყო არაზუსტი, მათ შორის არასწორად წარმოდგენილი საზოგადოებისთვის ისევ იმისთვის, რომ მოხდეს სახელისუფლო გუნდის დისკრედიტაცია. ვხედავთ, რომ მიუხედავად წლების მცდელობისა, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს რუსეთთან თანამშრომლობა ან კომპრომისი, ფაქტი სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ფაქტები არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში, რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი დაუთმია და ეს არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს. სამწუხაროდ, ჩვენ წინა პერიოდში უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით და მივიღეთ ძალიან რთული, მძიმე მემკვიდრეობა, რომლის გამოსწორებაც მარტივი არ არის, მაგრამ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელიც მთლიან საზოგადოებას აქვს, მოვახდენთ საქართველოს დეოკუპაციას თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელიც გულისხმობს სწორ, გამიზნულ ნაბიჯებს, საქართველოს თანმიმდევრულ გაძლიერებას, ძლიერ, მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებას, მათ შორის ჩვენს ევროპულ მომავალს, საბოლოოდ დიალოგს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს შორის. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ იმ მიზნის მიღწევას, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ ნაწილში ვერ იქნება ჩვენი მოკავშირე, რადგან ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად ცდილობს, დააზიანოს ჩვენი საერთაშორისო რეპუტაცია, მიზანმიმართულად ცდილობს დეზინფორმაციას, მათ შორის საზოგადოების შიგნით და ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.